„28 დღე კომაში ვიყავი... გადარჩენის შანსი 1% იყო“ - მაისაშვილი World Rugby-ს ესაუბრა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები World Rugby-სთან ინტერვიუს დროს ცხოვრების იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როდესაც ის კორონავირუსით ინფიცირების დროს სიცოცხლისთვის იბრძოდა.
სამხრეთ აფრიკულ ტურნეში წასულ „ბორჯღალოსნებს“ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორი ტესტ-მატჩი უნდა გაემართა. ერთის შეხვედრის ჩატარება მოხერხდა, მეორე თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე კი საქართველოს ნაკრებში კორონავირუსის შემთხვევებმა იფეთქა, მათ შორის ერთ-ერთი კი „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი იყო.
სამწუხაროდ, 52 წლის სპეციალისტს ვირუსის ყველაზე რთული ფორმა განუვითარდა და 28-დღიან კომაში იმყოფებოდა. იყო დრო, როდესაც ექიმები მას გადარჩენასაც კი არ უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა საბედნიეროდ, ლევან მაისაშვილმა უხილავ მტერთან ბოლომდე იბრძოლა და ვირუსის დამარცხებიდან 1 წლის შემდეგ უკვე 6 ერის წევრი ქვეყანაც დაამარცხა.
რას ამბობს მაისაშვილი WORLD RUGBY-სთან:
პირველ რიგში, ჩვენთვის სპრინგბოქსთან თამაში დიდი შესაძლებლობა იყო. ისინი მსოფლიო ჩემპიონები არიან. ასევე ვიტყვი, რომ სამხრეთ აფრიკა ჩემთვის მეორე ქვეყანაა, დიდი ხნის წინ 4 წელი „კვაზულუ-ნატალში“ გავატარე და ეს ქვეყანა მომწონს. პირადად ჩემთვის, დიდი შესაძლებლობა იყო, რომ ჩემს გუნდთან ერთად ამ ქვეყნის ნაკრებთან მეთამაშა. ასევე, იყო დიდი იმედგაცრუებაც, რადგან მეორე შეხვედრა კოვიდის გამო გაუქმდა.
შემდეგ კი კორონავირუსის ტესტზე ჩემი პოზიტიური პასუხი იყო, შემდეგ კლინიკაში გადამიყვანეს და ამის შემდეგ იყო 28-დღიანი კომა. ამ დროის განმავლობაში ჩემთან ერთად იყო ჩვენი გუნდის ექიმი, ნუცა და ის ყოველ დღე ჩემს გვერდით იდგა. ვიცი, რომ იყო რამდენჯერმე ისეთი სიტუაცია, როდესაც ექიმი ეუბნებოდა, რომ - „ნუცა, წარმოდგენაც არ გვაქვს რა მოხდება ხვალ, ის ვერ გადარჩება, ამიტომ როცა ნახავ უბრალოდ დაემშვიდობე“. ნუცასთვის ძალიან რთული დღეები იყო, ხომ გესმით... ძალიან რთულია, როდესაც მიყურებს და დღითიდღე მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. ყველა ექიმი მეუბნებოდა, რომ შენი გადარჩენა სასწაულიაო. ისინი გადარჩენის შანსის 1%-ს მაძლევდნენ.
როდესაც გავიღვიძე, 60 კგ ვიყავი, 25 კილოგრამი დავიკელი. არ შემეძლო ხელების და თავის მოძრაობა, მხოლოდ ზემოთ ვიყურებოდი და მხოლოდ ჩემი ტვინი ცოცხლობდა... ყოველი დღე ჩემთვის ბრძოლასავით იყო, რაღაც წინააღმდეგ. ყოველი დღე ვიბრძოდი, რომ მეჩვენებინა ექიმებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ყველასთვის, რომ ამის გაკეთება შემეძლო. ყოველ დღეს, ყველა ადამიანი, რომელიც იღვიძებს, ღმერთს უნდა უთხრას მადლობა... იმიტომ რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია იმის გაკეთება, რაც ჩემს თავს გადახდა.