იტალიური კარიერა დაიწყო: ლოჩოშვილმა კრემონეზეში პირველი ვარჯიში ჩაატარა
CrystalSport-ის ცნობით, ლუკა ლოჩოშვილმა ''კრემონეზეში'' სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალვინის ხელმძღვანელობით ლოჩოშვილმა ახალ კლუბში პირველი ვარჯიში ჩაატარა. უახლოეს საათებში სერია ა-ს კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტის, დიტმარ რიგლერის მიხედვით, ლუკას ტრანსფერზე ორი კლუბი აქტიურობდა: „ვერონა“ და „კრემონეზე“. ფინანსური კუთხით ორივე კლუბის მხრიდან მსგავსი წინადადებები იყო და არჩევანი ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა.
„კრემონეზე“ ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1.6 მილიონ ევროს გადაიხდის. თანხის ოდენობით, ლუკას ტრანსფერი „ვოლფსბერგერის“ ისტორიაში მეორე ადგილზეა. ლოჩოშვილი ავსტრიულ კლუბს 2020 წელს, თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა და „ვოლფსბერგერის“ მაისურით 71 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.