საჭადრაკო ოლიმპიადა - გოგონათა ნაკრებს ჩემპიონობამდე მცირედი დააკლდა
ინდოეთში დასრულებულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველობა უკრაინასთან გაინაწილა. სამწუხაროდ დამატებითი მაჩვენებლები უკრაინის მხარეს იყო და ჩვენი ნაკრები ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
ჩატარებული 11 ტურის შემდეგ ქართველმა მოჭადრაკეებმა 18 ქულა დააგროვეს. გათამაშების მესამე ადგილოსანი კი 17 ქულით ინდოეთის ნაკრები გახდა.
ოლიმპიადის ბოლო წრეში ქართველი გოგონები აზერბაიჯანელებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 3:1 დაამარცხეს. ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა თავიანთი პარტიები ყაიმებით დაასრულეს, ხოლო ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ იმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ რიგით 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა, ნინო ბაციაშვილმა, სალომე მელიამ და მერი არაბიძემ იასპარეზეს.