ამაღელვებელი ქმედებები და ქართველი ალან სენ-მაქსიმენი - Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
ავტორიტეტულმა გამოცემამ, The Athletic-მა სტატია გამოაქვეყნა და თავის მკითხველს ამ ზაფხულს განხორციელებულ ტრანსფერებზე ესაუბრა, რომლებიც შეიძლებოდა, გამორჩენოდათ. ერთ-ერთი, ვისზეც The Athletic-ი წერს, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაა და ბრიტანულ-ამერიკულ გამოცემას იგი „ნიუკასლის“ გარემარბს, ალან სენ-მაქსიმენს ახსენებს.
„ნეაპოლში მას მეტსახელად კვარადონა შეარქვეს და ეს გაცილებით მარტივია, ვიდრე იმის სწავლა, მისი გვარი როგორ წარმოითქმის, ნაპოლის მფლობელმა, აურელიო დე ლაურენტისმა კი განაცხადა, რომ მას „ძიძის“ დაუძახებს.
კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, კვარაცხელია მესამე ქართველია, რომელიც სერია A-ში ითამაშებს და თუ იმ წარმატების ნახევარს მიაღწია, რაც კახას მილანში ჰქონდა, კარიერის ბოლოს ნამდვილად კმაყოფილი ადამიანი იქნება. 21 წლის ფეხბურთელი მარცხენა ფლანგზე ნაპოლის კაპიტანს, ლორენცო ინსინიეს ჩაანაცვლებს და ქართველი შემტევი მთლიანად დრიბლინგზეა ორიენტირებული. რუბინში ყოფნისას, იგი 90 წუთში საშუალოდ 6.9 დრიბლინგს ახორციელებდა, რაც რუსეთის პრემიერ ლიგაში უმაღლესი მაჩვენებელი იყო.
როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მისი კონტრაქტი შეჩერდა და ფიფას წესებით, ქვეყნისა და კლუბის დატოვების უფლება მიიღო. იგი საქართველოში დაბრუნდა და ბათუმში თამაშობდა, რომელიც შავი ზღვის ლას ვეგასი გახლავთ, ხვიჩას თამაშებზე ბილეთების ყიდვა კი ლას ვეგასში რომელიმე ცნობილი ხელოვანის შოუზე დასასწრები ბილეთების ყიდვას წააგავდა. ზოგიერთი სტატისტიკური პლატფორმის მიხედვით, საქართველოში ყოფნისას, 90 წუთში ხვიჩა საშუალოდ 10 დრიბლინგს ახორციელებდა.
კვარაცხელია ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრების წევრია. ფრანგი სპეციალისტის გუნდს ბევრი გოლი გააქვს და ერთა ლიგაზე ბულგარეთს 5, გიბრალტარს - 4, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ბურთი შეუგდო, ხვიჩას მიხვეულ-მოხვეული სოლორეიდები, ქუსლით გაკეთებული პასები და შორეული დარტყმები კი ამაღელვებელი სანახავია. შესაძლოა, მას ინსინიეს მსგავსი ელეგანტურობა არ აქვს, მაგრამ მარჯვენა ფეხით, შორეულ ძელთან განხორციელებული ჩაწოდებებით, რომლებიც ბოლო 10 წელია ნაპოლის ხელწერაა, ლორენცოს ნამდვილად წააგავს. ჩემს იტალიელ მეგობრებთან სერია A-ს ფენტეზის რომ ვთამაშობდე, მასზე ფსონს აუცილებლად ჩამოვიდოდი. კვარაცხელია ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ქართველი ალან სენ-მაქსიმენია“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
ცნობისთვის, ხვიჩას „ნაპოლიმ“ ბოლო ამხანაგური შეხვედრა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართა და მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. „კვარა“ ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა და მოედანზე 70 წუთი გაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.