მიქაუტაძე ჩემპიონშიფში? - კომპანის ქართველის დამატება სურს
ინგლისის ჩემპიონშიფის ''ბარნლის'' მთავარ მწვრთნელს, ვინსენტ კომპანის გიორგი მიქაუტაძის დამატების დიდი სურვილი აქვს. Footballleagueworld-ის ცნობით, კომპანი ''მეცის'' კიდევ ერთ ფეხბურთელს, ამპლუით ცენტრალურ მცველს, შეიხუ კუიატეს უმიზნებს, თუმცა ფრანგული კლუბი 32 წლის სენეგალელს 10 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს. აღნიშნული თანხა ინგლისური კლუბისთვის ძალიან დიდია, რის გამოც აფრიკელის ტრანსფერის ალბათობა მცირეა.
Footballleagueworld-ი მიქაუტაძესთან დაკავშირებით წერს:
''კომპანის დიდი სურვილი აქვს, რომ ''ბარნლი'' გიორგი მიქაუტაძით გაძლიერდეს. ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ის პირველ ტურში გოლი შეაგდო და საგოლე პასი შეასრულა''.
''ბარნლის'' მხრიდან მიქაუტაძის მიმართ ინტერესზე პირველად გასულ კვირაში ბრიტანელმა ჟურნალისტმა ბრედ ჯონსმა დაწერა. ჯონსის ცნობით, ინგლისური კლუბი ფიქრობდა მიქაუტაძის ტრანსფერისთვის ''მეცისთვის'' მიემართა თუ არა, თუმცა Footballleagueworld-ის ცნობით, კომპანის მიქაუტაძის დამატების დიდი სურვილი აქვს. ''ბარნლი'' ქართველი ფორვარდის დამატებას მიმდინარე ზაფხულში ეცდება.
შეგახსენებთ, რომ გასული ორი სეზონი მიქაუტაძემ იჯარით ბელგიურ „სერენში“ გაატარა. მისი გოლებით „სერენი“ უმაღლეს ლიგაში აღზევდა, 2021-22 წლების გათამაშებაში კი ქართველი ფორვარდის გოლით ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 21 წლის შემტევმა „სერენის“ რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 57 მატჩში 36 გოლი შეაგდო.
21 წლის მიქაუტაძეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.