ვატო არველაძე აზერბაიჯანის ჩემპიონატში? - რას წერს ადგილობრივი მედია
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივ საფეხბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ვატო არველაძე ითამაშებს. ინფორმაციას სააგენტო Komanda.az-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელის ახალი კლუბი ბაქოს „ნეფთჩი“ იქნება, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების მცველი, საბა კვერკველია დაიმატა.
როგორც Komanda.az-ის ჟურნალისტი აცხადებს, კლუბსა და ფეხბურთელს შორის წინასწარი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია და გარიგებას ოფიციალური სახე უახლოეს საათებში მიეცემა.
ცნობისთვის, ვატო არველაძე ბოლოს თურქული „კარაგუმრუკის“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი ასევე თურქულ „კაზიმფაშაში“, თბილისის „ლოკომოტივსა“ და პოლონურ „კორონაში“ თამაშობდა. 24 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლის გატანაც მოასწრო. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არველაძე ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ვარჯიშობდა.