ლა ლიგამ უარი უთხრა - ბარსელონა ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს
დღეს, „ბარსელონამ“ რობერტ ლევანდოვსკი წარადგინა, მაგრამ პოლონელი ფეხბურთელის დარეგისტრირებას კვლავინდებურად ვერ ახერხებს. უფრო მეტიც, ესპანური პრესის ინფორმაციით, „ბლაუგრანამ“ ლა ლიგასგან უარი 7 ფეხბურთელის დარეგისტრირებაზე მიიღო.
„ბარსამ“ ანდრეას კრისტენსენის, ფრანკ კესის, რაფინიას, რობერტ ლევანდოვსკის, უსმან დემბელეს, სერხი რობერტოსა და ჟიულ კუნდეს დარეგისტრირება სცადა. როგორც მოგეხსენებათ, 5 მათგანი „ბლაუგრანას“ ახალწვეული გახლავთ, ხოლო დემბელესთან და რობერტოსთან ამ ზაფხულს კონტრაქტი გახანგრძლივდა.
Sport-ის ცნობით, ლა ლიგამ „ბარსელონას“ უარი შეუთვალა და ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად 10 დღე მისცა. ესპანური გამოცემის მიხედვით, კატალონიელთა მთავარი იმედი ფრენკი დე იონგია. „კამპ ნოუს“ ბინადართა აზრით, ნიდერლანდელის ტრანსფერი ვითარებას რადიკალურად შეცვლის და „ბარსელონას“ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ დე იონგს ორი მსურველი ჰყავს. მისი საკუთარ რიგებში ხილვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ ინტერესდებიან. ბრიტანულ პრესაში ფავორიტად „არისტოკრატებს“ ასახელებენ, თუმცა ფრენკის კლუბის დატოვება არ სურს და ეს მთავარი გამოწვევას წარმოადგენს.