„არანორმალური“ კობი ბრაიანტი - კრის ბოშის ისტორია შავ მამბაზე
კობი ბრაიანტი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. „შავ მამბას“ სხვებისგან ბევრი რამ გამოარჩევდა და მისი „გიჟური" სამუშაო ეთიკა ერთ-ერთი მათგანი გახლდათ. დღეს, მინდა, კრის ბოშის მიერ გაჟღერებული ისტორია გაგიზიაროთ, რომელიც კობის „არანორმალურობას“ იდეალურად აღწერს...
„2008 წელს, აშშ-ს ნაკრებთან ერთად ლას ვეგასში ვიყავი და ბეიჯინგის ოლიმპიური თამაშებისთვის ვემზადებოდით. მინდოდა, ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სტატუსი დამესაკუთრებინა და გადავწყვიტე, ეს პირველივე დღეს, ძალიან ადრე ადგომით გამეკეთებინა. ჩემი მიზანი იყო, საუზმეზე პირველი ვყოფილიყავი. მოკლედ, მაღვიძარა დავაყენე და მაქსიმუმი გავაკეთე, რომ მზის ამოსვლისთანავე გამღვიძებოდა. ყველაფერი გამომივიდა, საწოლიდან წამოვდექი, ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. ჩავედი და კობი ბრაიანტი დავინახე, რომელსაც მუხლებზე ყინულის კუბების შეკვრები ედო და ოფლში ცურავდა.
რამდენიმე წამი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ამ ბიჭმა მარტო ჩემზე ადრე კი არ გაიღვიძა, ისე ადრე ადგა, რომ ჩემს გაღვიძებამდე ვარჯიშიც მოასწრო. არადა, რამდენიმე დღის წინ სუპერფინალურ სერიაში (ლეიკერსი ბოსტონთან 2:4 დამარცხდა) თამაშობდა... წარმოიდგინეთ, მე რამდენიმე თვე დავისვენე და მაინც გადაღლილი ვიყავი, ის კი ასეთ თავდადებას იჩენდა... ის, რაც კობიმ იმ დღეს გააკეთა, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. თავდადებამ, რომელიც ბრაიანტმა სუპერფინალურ სერიაში განცდილი წარუმატებლობიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოიჩინა, რაღაც მასწავლა, რაც არასდროს დამავიწყდება. ლეგენდის სტატუსი წარმატებას არ მოაქვს. ლეგენდის სტატუსს ის განსაზღვრავს წარუმატებლობაზე როგორი რეაქცია გექნება და მას როგორ გაუმკლავდები“.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ოლიმპიური თამაშები აშშ-ს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ამერიკელებმა ფინალში ესპანეთი დაამარცხეს და „ფურია როხას“ 118:107 სძლიეს.