მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, ჟოზე ალდო
Aa
Aa

„მჯერა, ალდოს დავამარცხებ და ამ ბრძოლის შემდეგ ბევრი შოკირებული იქნება“ - ამბობს დვალიშვილი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ჟოზე ალდოსთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. „მანქანამ“ განაცხადა, რომ მოსამზადებელი პერიოდი შესანიშნავად მიმდინარეობს და არ გამორიცხა, რომ წონითი დივიზიონი შეიცვალოს.

„ყოველდღიურად ვვარჯიშობ და საუკეთესო მოსამზადებელი კემპი მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ, ტრავმები არ მაქვს და ჟოზე ალდოსთან ჩხუბისთვის მზად ვარ. მაყურებლები საინტერესო და მხიარულ ბრძოლას იხილავენ. ალდო მარტივი მეტოქე ნამდვილად არაა და ვფიქრობ, ჩემი სტილიდან გამომდინარე, მისი დამარცხება შემიძლია და ამას გავაკეთებ კიდეც. ალდოს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ამ ბრძოლის შემდეგ, ბევრი ადამიანი შოკირებული იქნება.

რა მოხდება ჩემი მოგების შემთხვევაში? სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე, მხოლოდ გამარჯვებაზე ვარ ორიენტირებული. წარმატებული ასპარეზობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იქნება და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება. ყველამ ვიცით, რომ მე და ალჯამეინ სტერლინგი ერთმანეთს არასდროს ვეჩხუბებით და საუკეთესო მეგობრები ვართ. მინდა, ეს გამარჯვება მოვიპოვო და შემდეგ მოვლენების განვითარებას დაველოდო. სიმართლე გითხრათ, კარგია, ეს პრობლემა რომ გვაქვს. ალჯო ჩემპიონია და სპორტდარბაზში მოსვლას ყოველთვის მასწრებს. სტერლინგის გარდა, სხვა მებრძოლებთანაც ვვარჯიშობ, მაგრამ მათგან საფრთხეს ვერ ვგრძნობ ხოლმე, ალჯო კი საუკეთესოა და ის მომდევნო ბრძოლისთვის მოსამზადებლად ყოველდღე მეხმარება.  

ალჯო ჩემთვის მისაბაძი მაგალითია და თავდაუზოგავად მუშაობს. მასთან ერთად ვარჯიშმა ბევრი რამ მომცა და ამიტომაა, ჭიდაობაში და გრეპლინგში უფრო და უფრო უკეთ რომ გამოვიყურები. ვნახოთ, მომდევნო ბრძოლაში რა მოხდება. ვიცი, რომ უმსუბუქეს წონით დივიზიონში ასპარეზობა შემიძლია და თუ თავს მოვიკლავ, წონას დავაფიქსირებ, მაგრამ ჯერ ალდოსთან ბრძოლაზე ვფიქრობ“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. ბრაზილიელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი კონორ მაკგრეგორთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დათმო. 2019 წელს, მან წონა შეიცვალა და სუპერ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლა მარლონ მორაესთან წააგო, შემდეგ კი პიოტრ იანთან დამარცხდა. ალდოს ზედიზედ 3 მოგება აქვს. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბს რაც შეეხება, „მანქანას“ ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და ოქტაგონს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, უბრუნდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილი სერია A-ში? - ქართველით იტალიური კლუბია დაინტერესებული
ლოჩოშვილი სერია A-ში? - ქართველით იტალიური კლუბია დაინტერესებული