გადაწყდა - პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს და მოედანს სექტემბერში დაუბრუნდება
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ პოლ პოგბამ მარჯვენა მუხლის მენისკი დაიზიანა. ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა ლოს-ანჯელესის წინააღმდეგ მიიღო. ფრანგმა ფეხბურთელმა მედიკოსებთან კონსულტაცია გაიარა და რეაბილიტაციის სამი ვარიანტი შესთავაზეს, მათ შორის თერაპიული მკურნალობა.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ პოგბა სწორედ თერაპიულ მკურნალობას ჩაიტარებს და ოპერაციისგან თავს შეიკავებს. აქედან გამომდინარე, იუვეს ახალი შენაძენი მოედანს სექტემბერში დაუბრუნდება.
დანარჩენი 2 ვარიანტი
ყველაზე ხელსაყრელი მუხლიდან მენისკის ამოღებაა, რომელიც 2-თვიანი სარეაბილიტაციო კურსს მოითხოვს, მაგრამ არის რისკი, რომლის თანახმადაც შესაძლოა მუხლი უფრო მეტად დაზიანდეს.
რაც შეეხება მესამე ვარიანტს, გაგლეჯილი მენისკის გაკერვა ყველაზე საიმედო პროცედურაა, თუმცა შესაძლოა პოგბამ 5 თვე გამოტოვოს და ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავროს.
ცნობისთვის, ფრანგი ნახევარმცველის არჩეული მკურნალობის მეთოდი ტრავმის რეციდივის რისკს ზრდის და მთლიანად ის არ გამოჯანმრთელდება. ზუსტად მსგავსი ტრავმა აწუხებდა მას „იუნაიტედში“ ასპარეზობისას და მკურნალობა თერაპიული მეთოდით ჩაიტარა.