ჩელსიმ ბრაიტონს წინადადება გაუკეთა - არისტოკრატები დე იონგის ტრანსფერზეც მუშაობენ
Athletic-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსიმ“ „ბრაიტონს“ მარკ კუკურელიას ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა. „არისტოკრატებმა“ „თოლიებს“ 50 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ოდნავ მეტი შესთავაზეს და პასუხს ელოდებიან.
„თოლიებისთვის“ სატრანსფერო თანხა მისაღებია, მაგრამ კუკურელიას მხოლოდ მას შემდეგ გაუშვებენ, რაც მის შემცვლელს იპოვიან. მათი ერთ-ერთი რჩეული ლივაი კოლუილი გახლავთ, რომელიც „ჩელსის“ ფეხბურთელია, თუმცა „თოლიები“ კუკურელიას ტრანსფერში კოლუილის ჩართვას ეწინააღმდეგებიან და „ლურჯებთან“ ცალკე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ.
Athletic-ის ცნობით, „ჩელსის“ ესპანელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს და „სტემფორდ ბრიჯზე“ ამ საკითხს ოპტიმისტურად უყურებენ. ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, კუკურელიას გარდა, „არისტოკრატები“ ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე მუშაობენ. მათ „ბარსელონასთან“ პირდაპირი კონტაქტი აქვთ და სჯერათ, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება. ნიდერლანდელს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ Athletic-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში „ჩელსის“ შანსები სერიოზულად გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ დე იონგის ვალი აქვს და 25 წლის ფეხბურთელი საკუთარ მომავალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ეს საკითხი გაირკვევა.