„ჩემს სახლში არის სურათი განსაკუთრებული დღიდან, რომელსაც არასდროს დავივიწყებ..
ეს სურათი 1996 წლის ზაფხულშია გადაღებული.. მაშინ, როდესაც მადრიდის „რეალმა“ „ინტერიდან“ წამომიყვანა.. იქამდე მადრიდში არასდროს ვიყავი ნამყოფი. 23 წლის ვიყავი.. აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ არც იმის გასარკვევად წავსულვარ, თუ სად ვიცხოვრებდი და არც მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი „სანტიაგო ბერნაბეუ“ მომინახულებია..
ესპანურ გაზეთში წაკითხული მქონდა „პლაზა დე სიბელესის“ შესახებ. მე სწორედ იქ წავედი..
„სიბელესის“ მხოლოდ ერთი სურათი მქონდა ნანახი, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს განსაკუთრებული ადგილი იყო. მოედნის ცენტრში შადრევანია, რომელსაც ულამაზესი მარმარილოს ქალღმერთის ქანდაკება ამშვენებს. მადრიდში ბევრი ლამაზი ადგილია, მაგრამ „სიბელესი“ ყველასთვის საკულტო ტერიტორიაა..
მაგრამ ფეხბურთის მოყვარულებისთვის „სიბელესს“ დამატებითი მნიშვნელობა აქვს. აქ „რეალი“ და ესპანეთის ნაკრები მოგებული ტიტულის აღსანიშნავად მიდიან.
აეროპორტიდან პირდაპირ „სიბელესზე“ წასვლა რიო-დეჟანეიროში პირველად პირდაპირ ქრისტეს ქანდაკებასთან ჩასვლას ჰგავდა. ძალიან აღელვებული ვიყავი და ჩემი პირველი მადრიდული ფოტო გაზეთის ფოტოგრაფმა სწორედ მაშინ გადამიღო.
როდესაც ამ სურათს ვუყურებ, მახსენდება, თუ როგორ დაიწყო ჩემი გიჟური მადრიდული მოგზაურობა.. აღნიშნული ფოტო კვლავ ჩემს სახლში ინახება, რომელიც მადრიდში მდებარეობს. მე კვლავ „რეალის“ ოჯახის წევრი ვარ, ოღონდ ახლა ინსტიტუციური ურთიერთობების დირექტორი გახლავართ. პანდემიის პერიოდში სამწუხაროდ სამსახურში ვერ დავდიოდი. მხოლოდ ორჯერ გავედი გარეთ, ისიც პროდუქტების საყიდლად..
ქალაქი ცარიელი იყო, მადრიდი ძლივს ვიცანი. აქ ყოველდღე ნახავთ ხანში შესულ ადამიანებს, რომლებიც მზეზე სეირნობენ, სხდებიან ბარებში და დღეს ტკბილად ატარებენ. ზოგადად, მადრიდში ყველაფერს იპოვი, რაც ცხოვრებაში შეიძლება მოგინდეს. მზე, სპორტი, კულტურა, საკვები, ღამის ცხოვრება.. განსაკუთრებით საკვები.. ეს სხვა სამყაროა! ხალხმა კარგად იცის, როგორ ისარგებლოს ამით!
ეს ყველაფერი გაქრა.. ქუჩები დაცარიელდა..
ასეთი მადრიდი არასდროს მინახავს..
კორონავირუსი პირადად მე და ჩემს ოჯახს არ შეგვეხო, მაგრამ გული დამწყდა სხვების დანაკარგის გამო.. ყველაზე დიდი ტკივილი ლორენცო სანსის მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებამ მომაყენა..
სანსის გახსენებაზე ყოველთვის მეღიმება. პრეზიდენტობის მიუხედავად, ის პირველ რიგში ჩვენი მთავარი გულშემატკივარი იყო. ლორენცო „სამეფო კლუბის“ ცხოვრებით ცხოვრობდა. ყველაფერში ერთვებოდა და გამუდმებით ჩვენთან ერთად იყო. ჩვენ ის მისი ადამიანური თვისებების, ოპტიმიზმისთვის და იმისთვის გვიყვარდა, რასაც „რეალისთვის“ აკეთებდა. ის ჩვენთვის მამასავით იყო..
ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა და გამუდმებით რჩევებს მაძლევდა. მიუხედავად ასეთი ურთიერთობისა, პირდაპირ სახელით ვერასდროს მივმართავდი. ის ჩემთვის ბატონი პრეზიდენტი იყო!
ასე მივმართავდი - „პრეზიდენტო, როგორ ხართ?“
შემდეგ, იღიმებოდა და მეხუტებოდა..
ჩემი გადასვლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. ლორენცო პრეზიდენტი მხოლოდ ნახევარი წელი იყო. კარგად მახსოვს ჩემი დებიუტი 80 000 გულშემატკივრის წინაშე და ასევე სადებიუტო გოლი „დეპორტივოს“ წინააღმდეგ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, იმ ზეწოლას შევეჩვიე, რომელიც „ბლანკოსში“ თამაშს ახლავს. სამწუხაროდ, იყო რაღაც, რამაც ჩემსა და კლუბს შორის ყველაზე დადებითი ფაქტებიც კი შეარყია.. იმ დროს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსს“ ვუპირისპირდებოდით. „რეალს“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 32 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული. იუვე ზედიზედ მესამედ იყო ფინალში და ფავორიტად ითვლებოდა.. ამის პარალელურად ლა ლიგაში პრობლემები გვქონდა..
ფინალის წინა ღამეს ვერავინ ვერ დავიძინეთ. ჩვეულებრივ, საღამოს 10 საათზე ვიძინებდით, მაგრამ იმ ღამეს დილის ოთხ საათზე სასტუმროს ფოიეში ვისხედით და ერთმანეთს ჩვენს ამბებს ვუყვებოდით. არ გვეშინოდა, ტურინელებს პატივს ვცემდით. ჩვენ უბრალოდ თამაშის დაწყებაზე ვნერვიულობდით..
ფინალში ძალიან კარგად ვიასპარეზეთ. იუვეს ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ 1:0 მოვიგეთ. ეს თამაში არა მხოლოდ ჩვენი ხარისხით, არამედ ჩვენი მოტივაციით მოვიგეთ. გამარჯვება მათზე მეტად გვინდოდა.
გამარჯვების შემდეგ, მადრიდში გავფრინდით და რა თქმა უნდა, „სიბელესზე“ წავედით. ქუჩაში თეთრ-მაისურიანმა ადამიანებმა ყველაფერი გადაფარეს. მღეროდნენ და გამარჯვებას აღნიშნავდნენ. ის ღამე არასდროს დამავიწყდება..
მადრიდული კარიერიდან ჩემი საუკეთესო მომენტი, რომ შევარჩიო, აუცილებლად 1998 წლის ფინალს დავასახელებ.
რაც უფრო დიდ დროს ატარებ მადრიდში, მით უფრო ნათლად ხედავ, თუ რას ნიშნავს ხალხისთვის ეს კლუბი. არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთლიანად ესპანეთში. სადაც არ უნდა გვეთამაშა, ტრიბუნები ყოველთვის სავსე იყო. ხალხს უყვარს „რეალი“ იმ მიზეზით, რის გამოც მე აქ გადმოსვლა გადავწყვიტე. პრესტიჟი, გულშემატკივრები, დიდებული წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე და კიდევ უფრო დიდი ისტორიის შექმნის შესაძლებლობა..
შემიძლია გითხრათ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში, „გალაქტიკოსი“ მხოლოდ გულშემატკივრებისთვის არ იყო დასამახსოვრებელი. ეს წარმოუდგენლად მაგარი ფეხბურთელებისთვისაც იყო. ჯდები გასახდელში და შეგიძლია დაინახო ოქროს ბურთის გამარჯვებული, ესპანეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ლა ლიგის ბომბარდირი, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე.. ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა დიდებული შეგრძნება იყო.
ჩემპიონთა ლიგა კიდევ ორჯერ მოვიგეთ. 2000 და 2002 წელს.. ყველა დეტალის გახსენება მიჭირს. როდესაც „რეალის“ ფეხბურთელი ხარ აწმყო არ უნდა დაივიწყო, რადგან ყველაფერი ძალიან ინტენსიურად ხდება.. სირბილი, თავური დარტყმები, ორთაბრძოლები, სავარჯიშო სესიები, გასვლითი თამაშები, სასტუმროები, გამარჯვებები და დამარცხებები,..
მხოლოდ იმ დღეს გავაცნობიერე რას მივაღწიე, როდესაც „რეალიდან“ წავედი.. „ბლანკოსის“ მაისური უკანასკნელად 2007 წლის 17 ივნისს „მალიორკას“ წინააღმდეგ მოვირგე. „ბარსელონა“ „ხიმნასტიკს“ ხვდებოდა. თუ ორივე მოვიგებდით, ჩემპიონები ჩვენ გავხდებოდით. პირველი ტაიმი 0:1 დავთმეთ, მაგრამ მეორე ნახევარში სამი გოლი გავიტანეთ და ჩემპიონები გავხდით. ეს საოცარი დღე იყო..
მაგრამ ყველაზე მეტად რაც მახსოვს არის ის, თუ როგორ მექცეოდა ხალხი. ყველამ იცოდა, რომ ეს ჩემი უკანასკნელი მატჩი იყო. დევიდ ბექჰემიც კი დამემშვიდობა! ადამიანები ისე მეხუტებოდნენ, თითქოს დაბადების დღე მქონდა.
„დაბრუნდი, რაც შეიძლება მალე“
სწორედ მაშინ მივხვდი რამდენიმე მქონდა კლუბისთვის გაკეთებული..
სწორედ მაშინ მივხვდი როგორ ვუყვარდი ხალხს..
ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე იყო. მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მოსიყვარულეები არიან მადრიდში ადამიანები.. ასევე, როგორ ვნებიანად ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით..
ამ ისტორიის მოყოლით მსურს ხალხი წავახალისო და მათში ოპტიმიზმი ჩავნერგო. პანდემიამ დიდი ტკივილი დატოვა, მაგრამ თავი ასწიეთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ცხოვრება გააგრძელეთ.
მადრიდელო ადამიანებო, მოემზადეთ შემდეგი წარმატებისთვის!“ - მე რობერტო კარლოსი ვარ