„ახალ სეზონში მთავარი X ფაქტორი იქნება“ - ფრანგული გამოცემა ნინიაშვილზე
დაახლოებით ერთ თვეში, საფრანგეთში ტოპ 14-ის ახალი სეზონი აიღებს სტარტს. ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე არაერთი ქართველი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ქართული რაგბის გულშემატკივარს განსაკუთრებული ყურადღება ამომავალ, თუ უკვე არა შემდგარ ვარსკვლავთან, დავით ნინიაშვილისკენ იქნება მიმართული.
ახალგაზრდა მორაგბემ გასულ სეზონში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ნინიაშვილი „ლიონს“ 19 წლის ასაკში, გასული სეზონი დასაწყისში შეუერთდა და თავდაპირველად კლუბის მეორე გუნდში უნდა ეთამაშა, თუმცა მწვრთნელების ნდობა მალევე მიიღო და უკვე ოქტომბერში მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი. „ნინიმაც“ თავისი შანსი კარგად გამოიყენა და ტოპ 14-ის მთავარ აღმოჩენად იქცა.
ქართველი მორაგბის თამაში ისეთი წარმატებული იყო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის „ბარბაროსებმა“ მსოფლიო ნაკრებში მიიწვია და ინგლისის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში უცვლელად ითამაშა.
ახალი სეზონის დაწყებამდე, ფრანგულმა გამოცემა RugbyRama.fr-მა ტოპ 14-ის სავარაუდო 10 ბომბარდირი დაასახელა, მათ შორის ერთ-ერთი კი საქართველოს ნაკრების უკანახაზელი, დავით ნინიაშვილია.
რას წერს RugbyRama ქართველ ვარსკვლავზე:
ბევრად მარტივი იქნებოდა ფიჯელი ფენომენის, ჯოშუა ტუისოვას დასახელება, რომელმაც გასულ წელს 14 ლელო გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ უფრო გაბედულ ფსონს დავით ნინიაშვილზე ვდებთ. ქართველი მორაგბე არასდროს წყვეტს განვითარებას და მისი თამაში უფრო და უფრო შთამბეჭდავი ხდება. სეზონის დასასრული მისთვის გამაოგნებელი იყო, განსაკუთრებით, ჩელენჯ ქაფი. ფინალის მთავარი გმირი, თბილისელი ბავშვი შეიძლება იყოს „ლიონის“ უკანახაზის ერთ-ერთი X ფაქტორი, რომელმაც ბევრი ცვლილება მოახდინა „ლიონის“ უკანახაზში. მას გადაწყვეტილი აქვს ახალი ნაბიჯის გადადგმა!
შეგახსენებთ, რომ დავით ნინიაშვილმა „ლიონთან“ ერთად სადებიუტო სეზონში ჩელენჯ ქაფის მოგება შეძლო. ყველაზე მთავარი ისაა, რომ საფინალო მატჩში ქართველი მორაგბე გამორჩეული იყო და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.