„როდესაც ნეფთჩის ინტერესზე გავიგე, ერთ საათში უკვე ჩემოდანს ვალაგებდი“ - საბა კვერკველიას ინტერვიუ
ბაქოს „ნეფთჩიში“ გადასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, სოლომონ კვერკველიამ აზერბაიჯანულ მედიას პირველი ვრცელი ინტერვიუ მისცა და „ნეფთჩიში“ გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
AzeriSport-თან საუბრისას ქართველი ფეხბურთელი მიზნებზე, ამბიციებზე და ევროტურნირებზე საუბრობს:
ნეფთჩიში გადასვლაზე:
ვფიქრობ, ტოპ კლუბში მოვხვდი. ნეფთჩი დიდი კლუბია, რომელსაც დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს. მოხარული ვარ აქ ყოფნით. რამდენიმე ვარიანტი მქონდა, თუმცა არჩევანი აზერბაიჯანულ კლუბზე გავაკეთე. აქ შემიძლია ვითამაშო ევროტურნირზე, ვიბრძოლო ჩემპიონობისთვის და გავაგრძელო ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ასეთი ამბიციები ჩემთვის მისაღებია, რადგან ყველგან, სადაც აქამდე მითამაშია, გუნდები ყოველთვის სამეულისთვის იბრძოდნენ. კლუბთან შეჩვევის პრობლემა არ მქონია.
როდესაც ნეფთჩის ინტერესის შესახებ მითხრეს, ერთ საათში უკვე ბარგს ვალაგებდი თურქეთში გასაფრენად და სამედიცინო შემოწმების გასავლელად.
აზერბაიჯანის ჩემპიონატზე:
რაც შეეხება ჩემპიონატს, არის ყარაბაღი, ნეფთჩი და არიან სხვა გუნდებიც, რომლებიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. ეს კარგია და შესაბამისად, საინტერესო სეზონი იქნება. თუ მოედანზე გასვლის შემდეგ გეცოდინება, რომ მარტივ სამ ქულას ვერ აიღებ, მაშინ უფრო კარგადაც ითამაშებ. ეს უფრო კარგია, ვიდრე მარტივად 4:0, ან 5:0-ის მოგება. ჩვენ მეტოქეებს არ ვუყურებთ, მხოლოდ ჩვენს ამბიციებზე და თამაშის ხარისხზე ვამახვილებთ ყურადღებას. ყველამ, მათ შორის მეც ვიცით, რომ ნეფთჩი მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
აზერბაიჯანში მოთამაშე ქართველებზე:
აქ მყოფ ქართველებს ყველას ვიცნობ. საქართველო პატარა ქვეყანაა და თითქმის ყველა მოთამაშე ერთმანეთს იცნობს. ვინმე სადმე თუ მიდის, ჩვენ მას მხარს ვუჭერთ.
გიორგი ადამიას შესახებ:
მის შესახებ უკვე მითხრეს. კარგია, რომ კლუბში, სადაც მე ვთამაშობ, ქართველ ფეხბურთელს პატივს ასე სცემენ.
კლუბის ლეგენდობაზე:
ვეცდები, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. თუ იქნება შედეგი, მაშინ დანარჩენი ავტომატურად მოვა. მთავარია შედეგი მივიღოთ, ვეცადოთ კარგად ვითამაშოთ. არ დავჯდები და არ ვიფიქრებ, როგორ უნდა გავხდე ნეფთჩის ლეგენდა. ახლა მთავარი ამოცანაა, რომ 4 აგვისტოს, რაპიდის წინააღმდეგ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო წარმატების მიღწევაში. გულშემატკივრებმა კი თავად უნდა გადაწყვიტონ ვინ იქნება კლუბის ლეგენდა.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელი „ნეფთჩის“ გასული თვის დასაწყისში შეუერთდა, მანამდე კი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, „გაგრას“ შემადგენლობაში გამოდიოდა.