ქართველი მეკარე ესპანეთში - ხარშილაძე ვალენსიურ ელდენსეში ითამაშებს
ესპანეთის რანგით მესამე ლიგის ''ელდენსეს'' 20 წლის მეკარე ლუკა ხარშილაძე შეუერთდა. ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
''ელდენსე'' ვალენსიის რეგიონის გუნდია და ქალაქ ელდას წარმოადგენს. გასულ სეზონში ''ელდენსე'' მეოთხე ლიგაში ასპარეზობდა და მესამე ლიგაში აღზევდა.
რაც შეეხება ქართველ მეკარეს, ხარშილაძე თბილისის ''დინამოს'' აკადემიის აღზრდილია. გარკვეული პერიოდი ესპანურ ''დამის'' აკადემიაში ირიცხებოდა, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ''დინამოში'' დაბრუნდა, გასულ სეზონში კი ესპანურ ''საბადელს'' შეუერთდა. სეზონის დასრულების შემდეგ მესამე ლიგის ''ელდენსეს'' ფეხბურთელი გახდა.
ლუკა ხარშილაძე საქართველოს 17 და 18-წლამდე ნაკრებებში ასპარეზობდა.
2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის დასკვნით ტურში გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 6:1 გაანადგურა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის ვერ მოხვდა და ევროპის ჩემპიონატის მიღმა აღმოჩნდა. ელიტ-რაუნდის სამივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარს ხარშილაძე იცავდა.