„მცველების ცხოვრებას გაართულებს“ - ვან დეიკი ჰოლანდს აქებს
„ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა. მერსისაიდელთა უკანახაზელმა ნორვეგიელი თავდამსხმელი შეაქო და განაცხადა, რომ ის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე მცველებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
„რა თქმა უნდა, იგი საფეხბურთო შესაძლებლობებით გამოირჩევა და მცველებს ცხოვრებას გაურთულებს. ის ინგლისში მოასპარეზე უკანახაზელების ცხოვრებას საშინელებად აქცევს. ჰოლანდს ყველაფერი აქვს. სწრაფია, თავურები გამოსდის და მისი შეჩერება ძალიან ძნელია, თუმცა სიტისთან შეხვედრაში ჩვენ ეს მოვახერხეთ.
ბუნებრივია, ფეხბურთელებზე, რომელთა სანაცვლოდაც დიდი თანხაა გადახდილი, წნეხი ხორციელდება, მაგრამ რა შეგიძლია რომ ქნა?! აქ იმიტომ გადმოდიხარ, რომ თავი გამოიჩინო და კლუბი თანხას სწორედ ამიტომ იხდის. უნდა იმუშაო და ეცადო, რაც შეიძლება, მეტი გოლი გაიტანო. დარვინ ნუნიესის შემთხვევაშიც ყველაფერი იმავენაირადაა“.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერ ლიგის 2022-23 წლების სეზონს მომდევნო შაბათს გახსნის და საკუთარ კედლებში „ფულემს“ დაუპირისპირდება. „სიტის“ პირველი მეტოქე „ვესტ ჰემი“ გახლავთ.