„ნაპოლიმ ნამდვილი ბრილიანტი იპოვა" - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩაზე
„მალიორკასთან“ გამართული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრი დაიწერა. ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობას Areanapoli, Calciomercato, Tuttonapoli და Tuttomercatoweb გამოეხმაურნენ.
Areanapoli: „ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ქართველმა ნაპოლის თავკაცის ნდობა გაამართლა. ხვიჩამ ბევრი ირბინა და უკან იხევდა, რათა თანაგუნდელებს მოწინააღმდეგის შემტევ ფეხბურთელებთან გამკლავებაში დახმარებოდა. მის მიერ გამოვლენილ თავგანწირვის უნარს აძურის სათადარიგოთა სკამი აპლოდისმენტებით შეეგება და სპალეტიც არ მალავს, რომ 77-ე ნომრის ჩართულობას აფასებს. კვარა ყოველთვის სახიფათოა, მნიშვნელოვანი შენაძენია და ნაპოლი დარწმუნებულია, რომ კარგი ტრანსფერი გაჩარხა“.
Calciomercato: „ნაპოლიმ ნამდვილი ბრილიანტი იპოვა. თამაშიდან თამაშამდე, ის მაღალ დონეზე ასპარეზობს. როცა ბურთთან ერთად მოძრაობას იწყებს, მისი შეჩერება რთულია და ცენტრისკენ შეჭრებიც მნიშვნელოვანია. მას შორეული დარტყმით გოლის გატანაც შეეძლო, რომელიც მეკარის შეცდომას მოჰყვა, მაგრამ არ გაუმართლა“.
Tuttonapoli: „რა სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება. გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როცა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. შემდეგ ორ მეტოქეს ორიენტაცია დააკარგვინა, მაგრამ ზუსტი დარტყმა არ გამოუვიდა. განაგრძო პასების დარიგება და კარგად თამაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უბურთოდ ყოფნისას თავი გაწირა“.
Tuttomercatoweb: „კვარაცხელია ყურადღების მიპყრობას ყოველთვის ახერხებს. დრიბლინგისა და მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდების შემდეგ, გოლთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ არ გაუმართლა. რა ფეხბურთელია!“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ წინასასეზონო ეტაპზე „ნაპოლის“ შემადგენლობაში 4 ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 3 აგვისტოს, კვლავ ესპანური „ხირონას“ წინააღმდეგ გამართავს.