ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლი მალიორკას დაუზავდა - „კვარა“ მოედანზე საუკეთესო იყო

სერია A-ს წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში „ნაპოლიმ“ მორიგი შეხვედრა ესპანურ „მალიორკასთან“ გამართა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ნეაპოლიტანელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელიამ. ლუჩიანო სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელს ამ ეტაპისთვის სარეკორდო 71 წუთი დაუთმო და ხვიჩამაც ეს დრო მეტ-ნაკლებად წარმატებულად გამოიყენა.

შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელია ირვინ ლოზანოსთან ერთად მოედანზე ყველაზე აქტიური იყო და რამდენიმე საკვანძო ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. ქართველი შემტევი მთელი ამ დროის განმავლობაში სტადიონზე და ტელეეკრანებთან შეკრებილ გულშემატკივრებს დიდ სანახაობას სთავაზობდა - დრიბლინგები, ცრუ-მოძრაობები, კარში დარტყმები, თუმცა სამწუხაროდ შეხვედრა გოლის გარეშე დაასრულა.

„კვარა“ გატანასთან ყველაზე ახლოს მე-17 წუთზე იყო. რამდენიმე ცრუ მოძრაობის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა დასარტყმელი სივრცე შეიქმნა, თუმცა მეტოქის კარს მცირედით ააცილა.

37-ე წუთზე ხვიჩა მალიორკელთა მეკარის შეცდომით სარგებლობას ეცადა, თუმცა მისი შორეული გასროლა კვლავ მცირედით არაზუსტი იყო.

მეორე ნახევარი ქართველმა ფეხბურთელმა კვლავ აქტიურად ჩაატარა და ერთ-ერთ ეპიზოდში სახიფათო ჯარიმაც გამოიმუშავა, რომელიც თავადვე შეასრულა, თუმცა მისი დარტყმული ცოცხალ კედელს მოხვდა.

კვარას ყველა ეპიზოდი მალიორკასთან:

რაც შეეხება გოლებს, შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა თერთმეტმეტრიანით გახსნა, მალიორკამ კი წონასწორობა 55-ე წუთზე რაიოლოს გოლით აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პრე-სეზონზე „ნაპოლის“ შემადგენლობაში 4 ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 3 აგვისტოს, კვლავ ესპანური „ხირონას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები