ბარსას ეშველა? - ოლიმპიაკოსს უმტიტის გადაბირება სურს
ჩავი ერნანდესს დიდი ხანია „ბარსელონადან“ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება სურს. ერთ-ერთი ასეთი სამუელ უმტიტია, რომელმაც ფორმა დიდი ხანია დაკარგა და გუნდისთვის მხოლოდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მას საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირებით „რენი“ ინტერესდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ტრანსფერი არ შედგა. ფრანგულმა კლუბმა ამის მიზეზად რისკების თავიდან არიდება დაასახელა, რომელიც სამუელის ჯანმრთელობას უკავშირდება.
დღეს, ავტორიტეტული გამოცემა ESPN წერს, რომ ფრანგი ცენტრალური მცველის გადაბირებით „ოლიმპიაკოსი“ ინტერესდება. ბერძნული მხარე კატალონიელებს მომავალ კვირაში შედგება. წყაროს ცნობით, „ოლიმპიაკოსი“ უმტიტის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილავს და მაქსიმალურად ეცდება, რომ იდეალურ ფორმაში დააბრუნოს.
ESPN იმასაც წერს, რომ ბერძნებს სამუელი იჯარის წესით უნდა და თუ შეთანხმება მოხერხდება უმტიტიმ ხელფასი მნიშვნელოვნად უნდა დაიკლოს. ექსპერტების ვარაუდით, 28 წლის ფეხბურთელი ახალ პირობებს დათანხმდება, რადგან მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
უმტიტი „ბარსელონაში“
უმტიტი კატალონიურ გრანდს 2016 წლის ზაფხულში „ლიონიდან“ შეუერთდა. ფრანგი ფეხბურთელი ბარსას ძირითადი შემადგენლობის წევრად ძალიან მალე იქცა, თუმცა მიღებულმა ტრავმამ ყველაფერი გააფუჭა. 2016 წლიდან დღემდე, უმტიტიმ „ბლაუგრანას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 133-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.