„5 წლით დავბერდი" - სტიაუას თავკაცმა საბურთალოსთან მატჩი შეაფასა
ბუქარესტის „სტიაუას“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკოლაე დიკამ „საბურთალოსთან“ გამართულ მატჩზე ისაუბრა. რუმინელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო და განსხვავებული დამოკიდებულება აჩვენა.
„ამ მატჩის გამო 5 წლით დავბერდი, მაგრამ ამად ღირდა და მთავარი ისაა, რომ მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ. ემოციური ადამიანი ვარ, რაც ადრეც მითქვამს და მინდა, ეს ემოციები ჩემს შეგირდებს გადავცე.
დღეს სტიაუასგან განსხვავებული დამოკიდებულება იხილეთ. მაღალი პრესინგი ვითამაშეთ და მოწინააღმდეგეს შეტევების დაწყების საშუალება არ მივეცით. სამწუხაროდ, 2:0-ის შემდეგ უკან დავიხიეთ და ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. კიდევ ერთი გოლის გასატანად უნდა გვეთამაშა და ამის ნაცვლად მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების უფლება მივეცით. მიუხედავად ამისა, თავდაჯერებულობა არ დაგვიკარგავს და ჩემს ბიჭებს ვუთხარი, რომ დრო საკმარისად გვქონდა, რათა მომდევნო ეტაპზე გავსულიყავით. მინდა, აღვნიშნო, რომ გულშემატკივრებმა საოცრად გვიქომაგეს. ბედნიერი ვარ, მათი გახარება რომ შევძელით და მიხარია, აქ რომ დავბრუნდი“.
შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა. თბილისელები მიზანთან ახლოს იყვნენ და განმეორებითი შეხვედრის 78-ე წუთზე, ანგარიში თანაბარი იყო - 2:2, თუმცა სამწუხაროდ, „საბურთალომ“ ვერ გაძლო და ქართველი კლუბებისთვის ევროსეზონი დასრულდა.