ხვიჩას ეფექტური საგოლე პასი - ნაპოლიმ ბოლო წუთზე გაათანაბრა
ევროპული გრანდები წინასასეზონო მომზადებას აგრძელებენ. გამონაკლისი არც „ნაპოლი“ გახლავთ. „პარტენოპეიმ“ მორიგი ამხანაგური მატჩი „ადანა დემირსპორის“ წინააღმდეგ გამართა და საკმაოდ გაუჭირდა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
ამჯერად, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დატოვა და „ნაპოლი“ შეტევაში საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში იტალიელმა სპეციალისტმა „კვარა“ გამოიყვანა და შედეგმაც არ დააყოვნა.
55-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა გაიბრწყინა. ხვიჩამ ცრუ მოძრაობების კასკადი შემოგვთავაზა და შემდეგ ეფექტური გადაცემით ჰირვინგ ლოსანოს გაატანინა.
ამის შემდეგ, თურქები გააქტიურდნენ და ზედიზედ ორჯერ გაიტანეს. თავი მარიო ბალოტელიმ და იუსუფ სარიმ გამოიჩინეს. ნეაპოლელები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ. ქართველ ფეხბურთელს შესანიშნავი მომენტი ჰქონდა. ხვიჩამ რამდენიმე ფეხბურთელს გვერდი აუარა, დაარტყა და მეკარემ აუღო.
შეხვედრის უკანასკნელ წუთზე, „ადანას“ საჯარიმოში არეულობის შედეგად ლოსანომ დუბლი შეასრულა და გუნდი წაგებას გადაარჩინა. ცნობისთვის, "ნაპოლი" მომავალ ამხანაგურ მატჩს 31 ივლისს „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 22:30-დან დაიწყება.