ალეს ოპერაცია ჩაუტარდა - ყველაფერი წარმატებით დასრულდა
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, „დორტმუნდის ბორუსიამ“ ერლინგ ჰოლანდი გაყიდა და მის ნაცვლად „აიაქსიდან“ სებასტიან ალე დაიმატა. 19 ივლისს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ალეს სათესლე ჯირკვის კიბო დაუდგინდა და ოპერაცია დასჭირდა.
დღეს, გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სებასტაინს ოპერაცია ჩაუტარდა და ყველაფერი წარმატებულად დასრულდა. სიმსივნე ამოკვეთილია!
„ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა. ალე სწორ გზაზე დგას. თავს სტაბილურად გრძნობს და პოზიტიურ განწყობაზეა. მეტიც, თავისი თანაგუნდელები გაამხნევა და სთხოვა, რომ მისი დაბრუნების დროს „დორტმუნდი“ მოწინავე პოზიციებზე იყოს. ბიჭები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
ჯერჯერობით მისი დაბრუნების თარიღი უცნობია, მაგრამ გპირდებით, რამდენიმე თვეში სებასტიან ალე ფეხბურთს აუცილებლად ითამაშებს.“
- განაცხადა კელმა
ვინ შეცვლის ალეს?
ამ მომენტისთვის გერმანული კლუბი თავდამსხმელის გარეშეა. კელის თქმით, „დორტმუნდი“ ახალ ფორვარდს ეძებს, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული ვარიანტი არ არსებობს. ცნობილი ხდება, რომ „ბორუსიას“ შერჩევის თავისი კრიტერიუმი აქვს, რომელიც ჯერჯერობით ვერავის მოარგო.