„მარცხი 1 ფეხბურთელისთვის არასდროს დამიბრალებია'' - გეგუჩაძე კუპატაძეზე
UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის ''დინამო'' პოზნანის ''ლეხს'' უმასპინძლებს. მატჩამდე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ბათუმის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა.
''იმედი მაქვს, ხვალინდელ თამაშში გაწყობა სათანადო იქნება. გამარჯვება ჩვენი პრესტიჟის საქმეა. როგორც მე ვხედავ, ფეხბურთელები გამარჯვებისთვის მზად არიან. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება''.
გია გეგუჩაძემ ლაზარე კუპატაძის გუნდიდან გაშვების შესახებ ვრცლად ისაუბრა, თუმცა მასთან თანამშრომლობის შეწყვეტის კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა:
''უპირველესად სათქმელი ისაა, რომ ყველა მარცხზე, გაშვებულ გოლზე, გულშემატკივრების უარყოფითი განწყობა მესმის. არც გასული შეხვედრებია გამონაკლისი. ყველა მარცხსა თუ გაშვებულ გოლზე მწვრთნელია პასუხისმგებელი. არც წარსულში და არც მომავალში მარცხი თუ გაშვებული გოლი ერთი ფეხბურთელისთვის არ დამიბრალებია. ეს არ მჩვევია. ამ შემთხვევაში მინდა მითქმა-მოთქმა გამოირიცხოს. მეორე ის არის, რომ ვამბობ და ვამტკიცებ, რომ ლაზარეს საფეხბურთო უნარებში ეჭვი არავის ეპარება. ლაზარე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. იმედი მაქვს, რომ მითქმა-მოთქმა დასრულდება. მესმის, რომ ზოგჯერ არის საკითხები, რის შესახებაც ღიად ვერ ვისაუბრებ. ჩემსა და ლაზარეს შორის საუბარი შედგა და ამ საუბრის შინაარსი ჩვენს შორის დარჩება. ლაზარეს წარმატებებს ვუსურვებ''.
პაატა ღუდუშაურის დამატებაზე:
''ვთვლი, რომ ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე მოვიყვანეთ. იმედი მაქვს, გუნდს გააძლიერებს და ის ეჭვები გაიფანტება მას შემდეგ, როცა თამაშს დაიწყებს და შესაძლებლობებს გამოავლენს''.
პოზნანში დიდი ანგარიშით მარცხის მთავარ მიზეზზე:
''დიდი ანგარიშით მარცხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ბიჭების განცდებია. ფეხბურთი ემოციური თამაშია, ემოციებისგან დაცლილი ადამიანისთვის თამაში რთულია. მე ამ ბიჭების მეიმედება. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. ჩემი ფეხბურთელების მჯერა''.
ბათუმის ''დინამოსა'' და პოზნანის ''ლეხის'' საფეხბურთო დაპირისპირება 28 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, პირველ მატჩში ''ლეხმა'' პოზნანში ''დინამო'' 5:0 დაამარცხა.