არველაძე: „გვინდა, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ""
„ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე BBC Humberside Sport-ის სტუმარი გახლდათ და მოახლოებულ სეზონზე ისაუბრა. ქართველ სპეციალისტს სამომავლო გეგმებისა და კლუბის ამბიციების შესახებ ჰკითხეს და მან განაცხადა, რომ მის გუნდს რთული სეზონი ელის.
„გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა და ვფიქრობ, დრო დაგვჭირდება, რათა ის ავაშენოთ, რაც გვინდა. კვირიდან კვირამდე გავძლიერდებით, გვინდა ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და ვნახოთ, რა გამოვა. ჩემი აზრით, წარმატებული სეზონი გვექნება თუ ყველა დაინახავს რამდენად სოლიდური გუნდი გვყავს. ჩვენი მიზანია, ასეთი გუნდი შევქმნათ და მატჩების მოსაგებად საკმარისად ძლიერები ვიყოთ.
ჩემპიონშიფი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემპიონატია. ყოველ 72 საათში ერთი შეხვედრის ჩატარება გიწევს. სეზონის განმავლობაში 46 მატჩს მართავ, რასაც სათასო დაპირისპირებები ემატება და ეს მარტივი ნამდვილად არაა. ასეთ მოკლე მონაკვეთში ამდენ შეხვედრას არავინ მართავს და ამისთვის, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად მზად უნდა იყო. ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად უნდა იყო და თუ ასე არ იქნება, პრობლემები ყოველკვირა შეგექმნება“.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონშიფი ამ უქმეებზე დაიწყება და „ჰალ სიტი“ თავის შეხვედრას 30 ივლისს გამართავს. „ვეფხვები“ საკუთარ კედლებში იასპარეზებენ და „ბრისტოლ სიტის“ დაუპირისპირდებიან.