ვის უნდა ვადევნოთ თვალი მომდევნო სეზონში - მამარდა და ხვიჩა საუკეთესო 50 ფეხბურთელს შორის
სპორტულ სტატისტიკაზე და ანალიტიკაზე ორიენტირებულმა ვებგვერდმა, Theanalyst.com-მა ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე 50 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც მომდევნო სეზონში თვალი უნდა ვადევნოთ. The Analyst-მა სტატისტიკური პლატფორმის, Opta-ს საუკეთესო თანამშრომლები დაიქირავა და სია სწორედ მათ შეადგინეს, ჩვენთვის საინტერესო კი ისაა, რომ 50 რჩეულს შორის გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას ვხედავთ.
გიორგი მამარდაშვილი
„ვალენსიამ მამარდაშვილი შარშან დინამო თბილისიდან იმ იმედით გადაიყვანა, რომ ქართველი მეკარე თავის კვალს შორეულ მომავალში მაინც დატოვებდა. გიორგი, რომელიც მაშინ 20 წლის იყო, 1-წლიანი იჯარით გაიფორმეს. მას ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება ჰქონდა, მაგრამ ვალენსიას სარეზერვო გუნდში უნდა ეთამაშა, რომელიც ესპანეთის რანგით მე-5 დივიზიონში გამოდის, ერთი წლის შემდეგ კი ვალენსიას ეცოდინებოდა, მასთან მიმართებით რა უნდა მოემოქმედებინა.
გასული სეზონის შუაწელს, ვალენსიამ მამარდაშვილის კონტრაქტი გამოისყიდა და მომდევნო სეზონის დაწყებამდე აქტიურად ცდილობს, მასთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე გაზარდოს, რათა გიორგის მსურველები დააფრთხოს. მოვლენების ასეთი სწრაფი განვითარდება ნიჭის, იღბლისა და შანსის დამსახურებაა, რომლებიც საჭირო დროს ერთად აღმოჩნდნენ. ვალენსიაში გადასვლის შემდეგ, გუნდის მთავარმა მეკარეებმა, იასპერ სილესენმა და ხაუმე დომენეკმა ტრავმები მიიღეს, რის გამოც ქართველი ფეხბურთელი სეზონის გახსნით შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა. სეზონის შუაწელს განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, თებერვლის შემდეგ, მამარდაშვილი ვალენსიას შეუცვლელ მოთამაშედ იქცა.
199 სანტიმეტრი სიმაღლის მეკარე მონსტრია და მისი გაბარიტები შემტევებს ცხოვრებას ურთულებს. ეს ყველაზე კარგად მაშინ ჩანს, როცა მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მასთან პირისპირ რჩებიან. მამარდაშვილს დასარტყამი სივრცის დაცვის უნარი აქვს, რასაც გიორგის სიმკვირცხლე ემატება და მისი დაჯაბვნა ძალიან ძნელი ხდება.
მეკარეებს შორის, რომლებმაც ლა ლიგის გასულ სეზონში 900 წუთზე მეტი ითამაშეს, სეივების პროცენტების მხრივ, მამარდაშვილზე (73.3) უკეთესი შედეგი მხოლოდ იასინ ბუნუსა (76%) და ტიბო კურტუას (75.8) აქვთ. Stats Perform-ის მოდელის მიხედვით, მამარდაშვილი თავიდან არიდებული გოლების რაოდენობით ლიგაში მე-7 გახლავთ - 1.3. ფეხბურთელი, რომლის შესახებაც გასული სეზონის სტარტზე ვალენსიას ქომაგებმა პრაქტიკულად არაფერი იცოდნენ, 2022-23 წლების სეზონში ჯენარო გატუზოს გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იქნება. თუ ბურთის განაწილებისა და პასების სიზუსტის მხრივ მან პროგრესს მიაღწია, ვალენსია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერის მფლობელი კლუბი გახდება“.
ხვიჩა კვარაცხელია
„2022-23 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას რთული დავალება აქვს. 21 წლის გარემარბი არის ფეხბურთელი, რომელიც ნაპოლიმ ლორენცო ინსინიეს შემცვლელად აირჩია. ლორენცო ინსინიესი, რომელიც ნეაპოლში დაიბადა, გაიზარდა, ადგილობრივების კუმირი იყო და MLS-ში გადავიდა. კვარაცხელიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონატში გაატარა და დინამო ბათუმის რიგებში თამაშობდა. ფიფას მიერ გატარებულმა ცვლილებებმა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამოძახილი იყო, ქართველ ფეხბურთელს რუბინთან კონტრაქტის გაწყვეტის საშუალება მისცა. საქართველოში დაბრუნებამდე მან რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ მატჩებში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. 2019 წლის მარტში გამართული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ, იგი რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 10 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
კვარაცხელიას მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მაღალ სიჩქარეზე დრიბლინგის განხორციელებისა და მეტოქის ჩამოტოვების უნარია. რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ, იგი მეურვეს დრიბლინგით 205-ჯერ გასცდა, რაც სულ მცირე 40-ით მეტია, ვიდრე მეორე პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელის მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა. გასულ სეზონში, საშუალოდ 90 წუთში, იგი 3.3 დრიბლინგს ახორციელებდა და ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც მინიმუმ 1000 წუთი ითამაშეს, მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ჩიდერა ეჯუკეს ჰქონდა.
ინსინიეს მსგავსად, იგი მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ ფანტასტიკურად იჭრება. რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, 33 შემთხვევა იყო ისეთი, როცა ხვიჩას სოლორეიდს დარტყმა ან თანაგუნდელისთვის შექმნილი მომენტი მოჰყვა. ამასთან, კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია. ივნისში გამართული მატჩებისას, მან 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. თუ სერია A-ს ახალ სეზონში ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დრო მიეცა, ნაპოლის არსენალში შესაძლოა, საიდუმლო იარაღი აღმოჩნდეს“, - წერია სტატიაში.
გეტყვით იმასაც, რომ მამარდაშვილის და კვარაცხელიას გარდა, რჩეულთა შორის ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც დარვინ ნუნიესი, ვინისიუს ჟუნიორი, ვილიამ სალიბა, რის ჯეიმსი, ფლორიან ვირცი, პოლ პოგბა, ანხელ დი მარია, გავი, გაბრიელ ჟეზუსი, კაი ჰავერცი, როდრიგო, რაჰიმ სტერლინგი, სანდრო ტონალი, ჟოელინტონი, ივან პერისიჩი და სხვები არიან.