ზიეჩს, ალონსოს და ასპილიკუეტას წასვლა უნდათ - რა ხდება ჩელსიში?
„ჩელსიში“ ტოდ ბოელის დანიშვნის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ლონდონური კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. „არისტოკრატებმა“ რაჰიმ სტერლინგი და კალიდუ კულიბალი დაიმატეს, თუმცა ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს გუნდის მესვეურებს ენდომებოდათ.
გამოცემა TalkSport საინტერესო სტატიას აქვეყნებს. ვიგებთ, რომ ტომას ტუხელი გუნდში შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოა. კრისტენსენმა და ლუკაკუმ „ჩელსი“ დატოვეს, ხოლო 2 დღის წინ გუნდი „არსენალთან“ 0:4 დამარცხდა.
არიან ფეხბურთელები, რომლებსაც „ჩელსის“ დატოვება სურთ და მათი შემცვლელების ძებნა საკმაოდ რთული იქნება. საუბარი ჰაკიმ ზიეჩზე, სესარ ასპილიკუეტაზე და მარკოს ალონსოზეა. მეტიც, ზიეჩი პირდაპირ ითხოვს, რომ „მილანში“ გაუშვან, ხოლო ესპანელებს გული „ბარსელონასკენ“ მიუწევთ.
ამის პარალელურად ტიმო ვერნერი, რომელსაც „ლაიპციგში“ გაყიდვას უპირებდნენ ძირითად შემადგენლობაში თამაშს ითხოვს. იდენტური სიტუაციაა კრისტიან პულიშიჩის გარშემოც. ამერიკელს სასტარტოში ყოფნა სურს.
ეს ყველაფერი ერთად კი ტუხელს ბევრ პრობლემას უქმნის. გერმანელმა სპეციალისტმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი დაბლოკა და განაცხადა, რომ მას პორტუგალიელი არ სჭირდება. „არისტოკრატები“ ლევანდოვსკის და რაფინიას გადაბირებას ცდილობდნენ, მაგრამ ორივე ფეხბურთელი „ბარსელონაში“ წავიდა.
საქმე კი საბოლოოდ ასეა - ტუხელი ფეხბურთელებს ითხოვს, მაგრამ ჯერჯერობით ახალი კადრების დამატება არ ხერხდება და პირიქით, გუნდიდან 3 ფეხბურთელი ითხოვს წასვლას. „არისტოკრატებს“ წინ საინტერესო პერიოდი ელოდებათ.