ბათუმის დინამო, ლაზარე კუპატაძე, არჩილ ბერიძე
Aa
Aa

''კონფლიქტი არ არსებობს'' - ბერიძემ კუპატაძესთან დაკავშირებით ისაუბრა

CrystalSport-ის ცნობით, ბათუმის ''დინამოსა'' და ლაზარე კუპატაძეს შორის თანამშრომლობა შეწყდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონში აღარ ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით, CrystalSport-ი ბათუმის ''დინამოს'' პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს ესაუბრა.

- ადასტურებთ ინფორმაციას, რომ კლუბმა ლაზარე კუპატაძე გაუშვა?

- ამასთან დაკავშირებით კლუბი გააკეთებს კომენტარს.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენსა და ლაზარეს შორის კონფლიქტი იყო. ამ ინფორმაციას რეალური საფუძველი აქვს?

- არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა. ასეთი სიბინძურე ვინ გაავრცელა... ცხოვრებაში დაცვით არასდროს მივლია. სიმართლე გითხრათ, ლაზარე არ მინახავს, ჩემსა და მას შორის კონფლიქტი არ არსებობს. კლუბს ხელმძღვანელები ჰყავს და კლუბს თავისი დღის წესრიგი აქვს. ყოველი თვის დასაწყისში კლუბში კრებას ვატარებ და ფეხბურთელებს მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვხვდები.

- ერთი შეცდომის გამო ხომ არ უშვებთ ლაზარეს, ერთ შეცდომას ხომ არ შეეწირა მისი კარიერა ბათუმის ''დინამოში''?

- ლაზარესთან დაკავშირებით კლუბი განცხადებას გაავრცელებს. მარცხისგან დაზღვეული არავინაა. ერთი მარცხის გამო გუნდიდან არავის გავუშვებთ, ეს ჩვენი სამუშაო სტილი არაა.

 წარუმატებლობაში უპირველესად საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ევროპულ წარმატებას უფრო მეტი რესურსი სჭირდება. ბათუმის ''დინამო'' არ დანებდება, ბათუმის ''დინამო'' ამით არ გაჩერდება. მინდა, რომ ამაში ნებისმიერი გულშემატკივარი დავარწმუნო. ჩვენ ისეთი კლუბი არ აგვიშენებია, რომ ერთი მარცხისა თუ ერთი შეცდომის გამო ფეხბურთელი გუნდიდან გავუშვათ. 

ლაზარესთან დაკავშირებით კლუბი კომენტარს გააკეთებს, თუმცა თუ ლაზარე კლუბს დატოვებს, მისი წასვლა სამ წუთში წაგებული მატჩით განპირობებული არ იქნება.

- თუ ''სლოვანთან'' და ''ლეხთან'' წაგებულ მატჩებს არ უკავშირდება, მაშინ რა არის მისი გაშვების მიზეზი?

- კლუბი ამასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. შეხვედრა ლაზარესთან კი არა, საერთოდ არც ერთ ფეხბურთელთან არ მქონია. 47 წლის ვარ, ჩემს ცხოვრებაში ასეთი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია, ასეთი ცილისწამება არ მახსოვს. ჩემი მუშაობის სტილი არაა, რომ ფეხბურთელთან მისი პლუსები და მინუსები განვიხილო, ეს სამწვრთნელო შტაბის საქმეა.

''სლოვანთან'' და ''ლეხთან'' წაგებულ მატჩებში უპირველესად ჩემს თავს ვადანაშაულებ. ''ლეხთან'' მარცხის მიზეზი ის ფსიქოლოგიური ტრავმაა, რომელიც ''სლოვანთან'' მატჩში მივიღეთ, როცა სამ წუთში თამაში წავაგეთ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამო'' ბრატისლავას ''სლოვანთან'' ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაერთო, სადაც პოზნანის ''ლეხმა'' პირველ მატჩში აჭარული გუნდი 5:0 გაანადგურა. საპასუხო შეხვედრა ბათუმში 28 ივლისს გაიმართება.

ბათუმის ''დინამოს'' განცხადება ლაზარე კუპატაძესთან დაკავშირებით: ''ლაზარე კუპატაძემ ჩვენი გუნდის რიგები დატოვა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მადლობას ვუხდით ლაზარეს დინამოს მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის. წარმატებებს გისურვებთ ლაზარე''.

მოგვიანებით, ლაზარე კუპატაძემ კლუბიდან წასვლა სოციალურ ქსელში დაადასტურა და აღნიშნა, რომ კლუბის მმართველებთან კონფლიქტი არ ჰქონია:

''სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ცრუ ინფორმაცია, ჩემსა და გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც სრული სიცრუეა. დღემდე, ამ წამამდე ამ ხალხთან ვინარჩუნებ ძალიან კარგ ურთიერთობას და ვრჩები ბათუმის დინამოს გულშემატკივრად''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი პოტენციალი აქვს, შეცდომების დაშვება უნდა განაგრძოს
„დიდი პოტენციალი აქვს, შეცდომების დაშვება უნდა განაგრძოს" - ესპანური გამოცემა მამარდაზე