ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სპალეტი, ნაპოლი, კაპელოს სიტყვები და რონალდუ - ხვიჩას ვრცელი ინტერვიუ

იტალიურმა გაზეთმა, Il Mattino-მ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. „კვარამ“ ლუჩანო სპალეტიზე, ფაბიო კაპელოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, თავის კუმირსა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგაზე თამაში

„ჩემპიონთა ლიგა ჩემი პირველი ოცნებაა, რომელიც ფეხბურთს უკავშირდება და ფეხბურთის თამაშის დაწყების დღიდან, ამ პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობა მინდოდა. ამ ტურნირის მატჩებისას ნეაპოლში საოცარი ატმოსფეროა და მოუთმენლად ველი, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მოედანზე როდის გავალ“.

პოზიცია, რომელზეც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს

„ჩემი ფავორიტი პოზიცია მარცხენა გარემარბია, თუმცა ნაპოლისთვის ბოლომდე თავისუფალი ვარ. შემიძლია, ადაპტაცია გავიარო და თითქმის ყველა პოზიციაზე ვიასპარეზო. სტანდარტულების შესრულება მომწონს, მაგრამ ვნახე, რომ ნაპოლიში სხვებსაც კარგი დარტყმა აქვთ და საბოლოო გადაწყვეტილება მწვრთნელმა უნდა მიიღოს. თუ მან მე ამირჩია, ძალიან გამიხარდება“.

სპალეტისთან ურთიერთობაზე

„სპალეტი ამტკიცებს, რომ შესანიშნავი მასწავლებელია. ის ყოველდღე რაღაც ახალს მასწავლის და კარგია იმის ნახვა, რომ ყველასთან იმავეს აკეთებს. დიმაროში ყოფნისას ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა და სპალეტი ყველაფერს აკეთებს, რათა თავისი იდეები ჩვენამდე იდეალურად მოიტანოს“.

იტალიური ენა

„სხვათა შორის, აქ მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლური ენა უნდა მესწავლა და შემდეგ - იტალიური. ჯერ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი, მაგრამ გუნდში შესანიშნავი მასწავლებლები მყავს, რომლებიც ძალიან მეხმარებიან. მეორე მხრივ, აქაური სამზარეულო უკვე შევისწავლე: ტომაზოს პიცა, მოცარელა და ყავა ჩემთვის შეუცვლელია".

ამ ასაკში სახლიდან შორს ცხოვრებაზე

„ოჯახისგან შორს ცხოვრების სწავლა ადრიანად მომიწია, რადგან 17 წლის ასაკში უკვე რუსეთში ვიყავი. ვიცი, რომ ეს ჩემი სამსახურის ნაწილია და ასე იქნება, სანამ ფეხბურთელი ვიქნები“.

რუბინზე და ომის გამო დინამო ბათუმში გადასვლაზე

„ყაზანში 2 წელი გავატარე და ბოლო პერიოდში შესანიშნავად გამოვიყურებოდი, მაგრამ შემდეგ ომი დაიწყო და მივხვდი, რომ სამშობლოში უნდა დავბრუნებულიყავი. ომის არ შემშინებია, მაგრამ ვიგრძენი, რომ საქართველოში დაბრუნება აუცილებელი იყო. საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული ბოლო მატჩის შესვენებისას ქომაგებმა ტრიბუნების ერთი ნაწილიდან მეორისკენ გადაინაცვლეს, რათა ჩემი დანახვა უკეთ შეძლებოდათ. ეს საოცარი შეგრძნება იყო“.

როგორი შეგრძნებაა იყო ნაპოლის ახალწვეული

„ეს საოცარი შეგრძნებაა. თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს, ყველას ვუყვარვარ და რამდენიმე კვირაში თავი ისე მაგრძნობინეს, თითქოს საკუთარ სახლში ვიყო. მათ ისე მიმიღეს, თითქოს ამ ოჯახის ნაწილი ვიყო და ეს განსაკუთრებული შეგრძნება გახლდათ“.

რატომ ნაპოლი და არა სხვა ევროპული გრანდი

„ეჭვიც არ გამჩენია. როგორც კი ნაპოლის ინტერესის შესახებ გავიგე, არც კი მიფიქრია და ეგრევე თანხმობა განვაცხადე“.

თანაგუნდელები და მისი გვარი

„ვიცი, რომ ჩემი გვარის წარმოთქმა ძალიან ძნელია. ამიტომ, ვუთხარი, რომ კვარა დამიძახონ. ასე რომ, ეს პრობლემა არ იქნება“.

კვარა მაისურზე

„მირჩევნია, ჩემი მთლიანი გვარი ეწეროს. ასე რომ, 77 ნომრის მაღლა კვარაცხელია იქნება“.

კრიშტიანუ რონალდუზე

„კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელი და საოცარი პროფესიონალია. სწორედ ამიტომაა, რომ ჩემი შთაგონების წყარო სწორედ პორტუგალიელი გახლავთ“.

ფაბიო კაპელოს შედარება, რომლის მიხედვითაც, სალაჰს წააგავს

„იმედი მაქვს, რომ ამ დონეზე ავალ და ვიცი, რომ ამისთვის თავდაუზოგავად მუშაობა მჭირდება“.

ქართველი მესი

„დიახ, ამას ბევრი მეძახის. მესი არის ფეხბურთელი, რომელიც სხვა პლანეტიდანაა, მაგრამ ჩემი შთაგონების წყარო რონალდუა. მან თავდაუზოგავი შრომითა და თავგანწირვით იმ დონეს მიაღწია, რომელზეც მესი იმყოფება და მინდა, მისნაირი კარიერა მქონდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები