მადრიდის რეალი, ვლადიმერ გუცაევი
Aa
Aa

''სსრკ-ში ამაზე ფიქრიც დანაშაული იყო'' - გუცაევი რეალში არშემდგარ ტრანსფერზე

თბილისის ''დინამოს'' ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა გადაცემაში ''საქართველოს დაბადება'' 1981 წელს მადრიდში გამართული ოთხთა ტურნირი (Trofeo Santiago Bernabéu) გაიხსენა, როცა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მადრიდის ''რეალის'' პრეზიდენტმა ლუის დე კარლოსმა კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, თუმცა სსრკ-ს ეპოქაში ამ ტიპის გარიგების განხორციელება შეუძლებელი იყო. გუცაევი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამაზე ფიქრიც კი დანაშაულად აღიქმებოდა.

''ამხანაგური ტურნირებიდან ყველაზე პრესტიჟული იყო, მადრიდში ტარდებოდა და სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის იყო.  ნებისმიერი ფეხბურთელი, სადაც არ უნდა თამაშობდეს, ''ლივერპულში'', ''მან. იუნაიტედში,'' ''ნაპოლიში'', ''იუვენტუსში'' თუ სხვა კლუბში - მისი ყველაზე დიდი მიზანი მადრიდის ''რეალში'' მოხვედრაა. თუ ''რეალში'' მოხვდი და ითამაშე... მოკლედ რომ ვთქვა, ამაზე მაღალი დონე არ არსებობს.

ტურნირის დასრულების შემდეგ ჩემთან მოდის თარჯიმანი და მეუბნება: ''ვოვა, ზევით უნდა ახვიდე, რაღაც პრიზი უნდა მოგცენ''. ჩავრთე ჩემი კომუნისტური მენტალიტეტი, ვიფიქრე, რომ მეხუმრებოდა, ვის ახსოვს ვოვა გუცაევი ქომაგებით სავსე ''სანტიაგო ბერნაბეუზე''?

ამასობაში, ტურნირის ერთ-ერთი წარმომადგენელი მოვიდა და მითხრა, რომ ზევით უნდა ავსულიყავით. ამიყვანეს და მომცეს დიდი თასი, რომელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელისთვის იყო განკუთვნილი.

სასტუმროში ჟურნალისტები მოვიდნენ, პრესკონფერენცია გამართეს, მე და რამაზ შენგელიას კითხვები დაგვისვეს. სასტუმროში ჩვენთან ერთად ''ბაიერნი'' ცხოვრობდა, თუმცა ჟურნალისტებმა არც ბრაიტნერს დაუძახეს, არც რუმენიგეს და არც სხვა გერმანელ ფეხბურთელს, მხოლოდ მე და შენგელიას გვიხმეს.

სასტუმროში ''რეალის'' პრეზიდენტი ლუის დე კარლოსი რამდენიმე პირთან ერთად მოვიდა. მათ შეხვედრა ნოდარ ახალკაცთან, კახი ასათიანთან და სერგო კუტივაძესთან გამართეს. საუბარს ასევე ესწრებოდნენ KGB-სა და ცეკა-ს წარმომადგენლები. საუბრის დასრულების შემდეგ ჩემთან თარჯიმანი მოვიდა და მითხრა, რომ ''რეალის'' პრეზიდენტს შენთან კონტრაქტის გაფორმება სურდაო, ''რეალის'' წარმომადგენლებმა კონტრაქტი მოიტანეს, მხოლოდ ხელის მოწერა აკლდა, თუმცა ჩვენებმა უარი უთხრესო. ვამაყობ, რომ ეს არ არის ლეგენდა, ეს სიმართლეა. 1981 წელს სსრკ-დან წასვლა შეუძლებელი იყო. სსრკ-ში იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა ''რეალში'' წავსულიყავი, უკვე დანაშაული იყო''.

შეგახსენებთ, Trofeo Santiago Bernabéu-ს 1981 წლის გათამაშების ნახევარფინალში თბილისის ''დინამო'' მადრიდის ''რეალთან'' 2:4 დამარცხდა, მესამე ადგილისთვის მატჩში კი ნოდარ ახალკაცის გუნდმა მიუნხენის ''ბაიერნი'' 2:1 დაამარცხა. 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
''ამაზე დიდი იდიოტობა არ გამიგია'' - გუცაევმა 1982 წლის მუნდიალი გაიხსენა
''ამაზე დიდი იდიოტობა არ გამიგია'' - გუცაევმა 1982 წლის მუნდიალი გაიხსენა