3 გოლი ბოლო ორ მატჩში - ტაბატაძემ აკჟაიკს მოაგებინა
ყაზახეთის თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ''აკჟაიკმა'' ''ყიზილჟარი'' თომა ტაბატაძის გოლით დაამარცხა (1:0). 30 წლის ქართველმა ფორვარდმა სასტარტოში ითამაშა, 51-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მისმა გოლმა გუნდს გამარჯვება მოუტანა. მეორე ტაიმის მე-6 დამატებულ წუთზე ტაბატაძე შეცვალეს.
ტაბატაძის თანაგუნდელი ლუკა იმნაძე სასტარტოში მოხვდა, 77-ე წუთზე შეცვალეს. ანალოგიურად, ორი ქართველი ვიხილეთ ''ყიზილჟარის'' სასტარტოში: ელგუჯა ლობჯანიძე და გიორგი ივანიაძე. ლობჯანიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ივანიაძემ მინდორი 61-ე წუთზე დატოვა.
ტაბატაძე ''აკჟაიკს'' მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა. ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით 4 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ 3 გოლი ბოლო ორ მატჩში გაიტანა, ''ყიზილჟართან'' შეხვედრამდე ''კასპიის'' დუბლი შეუსრულა.