„როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობ, პირველი რაც მახსენდება, ფერებია. საღებავის პატარა თუნუქის ქილა, ლურჯი, მწვანე და ყვითელი.
ყველაზე ნათელი ფერები, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ..
ბრაზილიაში ეს ტრადიცია ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტურნირის დაწყებამდე არის.. გამოდიხარ და შენი ქალაქის ქუჩებს ხატავ. ეს ერთგვარი შეჯიბრია. ყოველთვის საინტერესოა, თუ ვის ექნება ყველაზე ლამაზი ნახატი.
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მეც ისევე, როგორც ჩემი ასაკის სხვა ბავშვები ქუჩაში გამოვედით და ხატვა დავიწყეთ. ჩემს ქალაქში მონაწილეობას ყველა იღებდა. ძალიან ბევრი ფრესკა დაიხატა. თემატიკაც განსხვავებული.. ჩიტები, ბრაზილიის დროშები, ფეხბურთელები..
ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა ადამიანი სახელად რენატო, რომელსაც ყველა თამაშების ყურებისკენ მოუწოდებდა. ბატონი რენატო კარგად არ მახსოვს. როდესაც პატარა ვიყავი ის დიდ ადამიანად მეჩვენებოდა. როგორც აღმოჩნდა, ჩემი მეზობელი ვისზეც ახლე გიყვებით საჰაერო ძალებში მუშაობდა და პენსიაზე იყო გასული. იმ პერიოდში კი ფრანგულ კარტოფილს და სოდას ჰყიდდა. მაშინ ეს დიდ საქმედ ითვლებოდა, რადგან ფრანგული კარტოფილის შეძენის შესაძლებლობა ყველას არ ჰქონდა.
მეგობრებთან ერთად ტელევიზორთან ჯდომა და ფეხბურთის ყურება.. ფიქრი იმაზე, რომ შესაძლოა ერთ დღეს შენც ფეხბურთელი გახდე.. პროფესიონალი ფეხბურთელი.. მე ბენიტო რიბეიროში გავიზარდე, რომელიც რიო დეჟანეიროს ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარეობს. ეს არის დაბალი და საშუალო ფენის საცხოვრებელი. არანაირი განსაკუთრებული სახლები. ამ უბანს მხოლოდ ის გამოარჩევდა, რომ ყველას ტელევიზორში გამუდმებით ფეხბურთი იყო ჩართული.
სიმართლე გითხრათ, უკვე 5 წლის ასაკში ჩემი თავი ფეხბურთის გარშემო დავინახე. არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ სპორტს მაშინვე დავუკავშირდი. ამის თქმა ადვილია, მაგრამ ეს რაღაც განსხვავებული იყო, რომელსაც შინაგანად ვგრძნობდი. მინდა ვიყო ფეხბურთელი, თუმცა, როგორც ბავშვმა ეს დაზუსტებით არასდროს იცი. პატარაობაში ოცნებები რეალობასთან ახლოს არასდროს არის. შენ უბრალოდ ბავშვი ხარ და ოცნებობ..
მე კი 5 წლის ასაკში ნამდვილად არ ვიცოდი ეს ყველაფერი რას ნიშნავდა.. არ ვიცოდი სადამდე მიმიყვანდა ფეხბურთი. ფუნჯით ხელში ჩემს მეგობრებთან ერთად ქუჩაში ვიდექი და საღებავი ხელზე მესხმებოდა. ვუყურებდით ზიკოს პორტრეტს, რომელიც ჩემი სახლის წინ დახატეს.
არ ვიცოდი რა სწრაფად მოხდებოდა ყველაფერი.. იცით რამდენად სწრაფად გადაიქცა ოცნება რეალობად?
სწორედ მაშინ, მე ერთი რიგითი ბავშვი ვიყავი, რომელიც უბანში ცნობილი ფეხბურთის თამაშით გახდა.. მე ვგულისხმობ მუდმივად თამაშს..
შესაძლოა სხვებისგან სწორედ ამით განვსხვავდებოდი. მე არ ვოცნებობდი საუკეთესოობაზე. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ საუკეთესო ვიქნებოდი მათ შორის, ვისაც კი ფეხბურთი ოდესმე უთამაშია.
ამაზე ფიქრისას ყოველთვის მეცინება, რადგან არ ვიცი ეს ყველაფერი საიდან მოვიდა და როდის დავიწყე ფიქრი..
ეს იყო უბრალოდ .. ცხოვრება .. იმ მომენტიდან, როდესაც მე პირველად შევეხე ბურთს..
სიმართლე გითხრათ, არც კი მახსოვს „ფლამენგოს“ პირველი მატჩი, რომელზეც მამაჩემთან ერთად წავედი. ისიც კი არ მახსოვს ჩემი ზედმეტ სახელი საიდან წარმოიშვა.
როდესაც ჩემს ორ უფროს ძმას გოლებს ვუტანდი ისინი ყვიროდნენ: „დადადოოოოოოო“
პატარაობისას რონალდოს წარმოთქმა მიჭირდა. ეს რაღაცით დადადოს ჰგავდა და ალბათ სწორედ ასე შემრჩა ეს ზედმეტ სახელი.
როდესაც ჩემი ძმები საღამოობით სახლში ბრუნდებოდნენ მე ისევ გარეთ ვრჩებოდი და ბურთს გაუჩერებლად ვურტყამდი კედელს. მარჯვენა ფეხი, მარცხენა ფეხი, შემდეგ ისევ მარჯვენა და შემდეგ ისევ მარცხენა.. ძალიან მიყვარდა ეზოში თამაში. მართალია დიდი სახლი არ გვქონდა და ხშირად დივანზეც მეძინა, მაგრამ გამიმართლა იმაში, რომ დიდი ეზო გვქონდა.. მე მხოლოდ ეს მჭირდებოდა, სივრცე ფეხბურთის სათამაშოდ!
ყოველდღე ეზოში თამაშისას ვფიქრობდი, რომ ოდესმე საუკეთესო ფეხბურთელი გავხდებოდი..
ყველა შესაძლებლობას განვიხილავდი. ეს ჩემ თავში მუქარას ჰგავდა. ჩემს მშობლებს სურდათ, რომ კონცენტრაცია სწავლაზე მომეხდინა, მაგრამ ფუტსალის ლიგაში თამაშის 1 წლის შემდეგ, სხვა ყველა ფიქრი დაიმსხვრა. გარკვეულწილად გამიმართლა კიდეც..
კიდევ 1 წლის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ „სან კრისტოვაოში“ დავიწყე ვარჯიში. 13 წლის ასაკში დიდი კლუბები მაკვირდებოდნენ და ამიტომ ბელო ჰორიზონტეში წავედი და „კრუზეიროში“ დავიწყე თამაში. როდესაც 15 წლის გავხდი პირველად მიმიწვიეს ეროვნულ ნაკრებში სავარჯიშოდ, ხოლო „კრუზეიროს“ მთავარ გუნდში დებიუტი 16 წლისას მქონდა.
მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. კიდევ 1 წლის შემდეგ, უკვე 1994 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ჩემს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრე.
როგორც ვთქვი, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა..
რამდენადაც ეს ყველაფერი მიხაროდა, იმდენად მიკვირდა და ვერ ვხვდებოდი ვადებს, თუ რამდენ ხანში შეიძლებოდა პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება. არ არსებობს გეგმა ან რაიმე სახელმძღვანელო. ხანდახან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სკოლაში და ჩვენს ეზოში თამაშს ერთი დღით მოვწყდი და ბებეტოსთან ერთად ვარჯიშზე აღმოვჩნდი.
მსოფლიო ჩემპიონატი მოახლოვდა. როგორ შემიძლია აღვწერო 1994 წლის მუნდიალი ან ის ნაკრები?
ნება მომეცით ასეთი რამ ვთქვა. ამერიკაში ჰარვარდის უნივერსიტეტი ყველაზე მაგარია ხო? ბრაზილიის ნაკრებში ვარჯიში და თამაში ჰარვარდში სწავლას ჰგავდა. საუკეთესო განათლება მივიღე, თუ როგორ გავხდე ფეხბურთელი და მსოფლიოს ჩემპიონი!
იმ ჩემპიონატზე 1 წუთიც არ მითამაშია, მაგრამ ყველას ვუყურებდი და ვსწავლობდი ყველაფერს, რისი სწავლაც შეიძლებოდა. ჩანაწერები გავაკეთე და მთელი ეს ინფორმაცია შევინახე. ვიცოდი, რომ ოდესმე დავბრუნდებოდი..
ამ ზაფხულმა ჩემი ცხოვრება და კარიერა შეცვალა..
იცით რატომ? რომარიო გავიცანი. ის იყო ფეხბურთელი, რომლის ყურებაშიც გავიზარდე. რომარიო ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი იყო. განსაკუთრებით მე ვუყვარდი და დიდ დროსაც მითმობდა. ალბათ იმიტომ, რომ ორივე თავდამსხმელები ვიყავით.
ჩემი შემდეგი ნაბიჯისკენ, სწორედ მან მიმითითა. საუბარი ევროპაში თამაშზე მაქვს..
იმ დროს, რომარიო „ბარსელონაში“ ახალი გადასული იყო და ბევრ რჩევას მაძლევდა. სასაცილო იცით რა იყო? მე ამინდზე ვეკითხებოდი.. მანერვიულებდა ის ფაქტი, რომ სხვა კლიმატს შეიძლებოდა ვერ შევჩვეოდი.
რომარიო ყველაზე ბევრს კონკურენციაზე მესაუბრებოდა. მიყვებოდა როგორი შეგრძნება იქნებოდა ლა ლიგის მოგება ან ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში. სწორედ ამიტომ, პსვ-სთან კონტრაქტს მოვაწერე ხელი.
ჟორჟ ვეა..
მარკო ვან ბასტენი..
პაოლო მალდინი..
ეს ის ბიჭები იყვნენ, რომლებსაც ბავშვობაში ტელევიზორში ვუყურებდი. ევროპაში ახალი ვიყავი და პოპულარობა მჭირდებოდა. ასე რომ, გამბედავი გავხდი! დავისახე მიზნები და მათ მისაღწევად ბრძოლა დავიწყე. დავრწმუნდი, რომ ხალხმა ნათლად გაიგო რას ვაკეთებდი..
ნიდერლანდებში, პირველ სეზონში 30 გოლი გავიტანე..
შემდეგ კიდევ 30..
შემდეგ ვთქვი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვიქნებოდი..
შემდეგ „ბარსელონაში“ გადავედი და ოქროს ბურთი მოვიგე..
ბავშვობაში საკუთარი თავის რწმენა ყოველთვის მქონდა, მაგრამ ჯილდოების მიღება და აღიარება? მე მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რასაც პატარაობისას ტელევიზორში ვუყურებდი.. როცა გავიზარდე ვნახე ტრაბახი, შოუმენობა და ა.შ. დიდი ხანი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ მე ასეთი არ ვიყავი.. მე უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემს კარგ თამაშზე ესაუბრათ..
მსოფლიო ჩემპიონატის მოგება აკვიატებული მქონდა. ვთვლიდი, რომ ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო..
1998 წლის მუნდიალზე მე 21 წლის ვიყავი და ფეხბურთი ჩემთვის ძალზედ სახალისო იყო. ფინალისკენ მიმავალ გზაზე 4 გოლი გავიტანე. შემდეგ კი ფინალის დღეს მოხდა ისეთი რამ, რის ახსნასაც დღემდე ვერ ვახერხებ.
ძალიან ცუდად გავხდი და საწოლში კრუნჩხვა დამემართა. ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ ექიმებმა ჩატარებული ანალიზების შემდეგ თამაშის უფლება დამრთეს. რა თქმა უნდა, კარგად ვერ ვითამაშე და 0:3 წავაგეთ..
ამან თითქოს დამანგრია, მაგრამ გავიაზრე, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავით და შანსი კიდევ მექნებოდა. რა თქმა უნდა, ცხოვრება ასე არ მუშაობს?
მომდევნო წელს მუხლის ძალიან სერიოზული ტრავმა მივიღე. საქმე ცუდად იყო. ზოგი ამბობდა, რომ ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებდი. იმასაც ამბობდნენ, რომ შესაძლოა გამართულად ვეღარც გამევლო..
შემდეგ კი ჩემი საზღვრები ნამდვილად გამოსცადეს..
გულწრფელი უნდა ვიყო და ვთქვა, რომ ფეხბურთში იყო რაღაცები, რაც ყოველთვის მაწუხებდა. მგზავრობა, ლოდინი.. რთული მომენტები მინდორზე.. უბრალოდ ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და ამ ყველაფერს ვუძლებდი. ემოცია და ენთუზიაზმი არასდროს გამნელებია „ბარსელონაში“, „ინტერში“ და პსვ-ში. ყოველთვის ისეთი ბედნიერი ვიყავი, როგორიც ბავშვობაში..
ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ჩემი ცხოვრება სტადიონზე დაიწყო და მუხლის ტრავმის შემდეგ სტადიონზევე დასრულდა. თითქოს სიცოცხლე წამართვეს..
დაბრუნებისთვის ყველაფერი გავაკეთე. მოვიარე მთელი მსოფლიო და უამრავი ექიმი ვნახე. ასე გრძელდებოდა 3 წელი, წარუმატებლობა და იმედგაცრუება. 2002 წლის მუნდიალი ახლოვდებოდა, მაგრამ გოლების წყურვილი და ტიტულის მოგების სურვილი მოტივაციას არ მაძლევდა. მე მხოლოდ იმ გრძნობის პოვნა მინდოდა, რომელსაც მხოლოდ მოედანზე ყოფნისას განვიცდიდი.
ჩემი უმძიმესი ტრავმიდან სამი წლის შემდეგ და 1998 წლის ფინალში წაგებიდან ოთხი წლის შემდეგ, სამხრეთ კორეაში ბურთი ჩემს ფეხებთან იყო და ყველანაირი შესაძლებლობა მქონდა..
გერმანიასთან ფინალამდე საოცარი რამ მოხდა..
გასახდელში სკოლარიმ გვითხრა, რომ ტელევიზორში რაღაც უნდა გვენახა. ეს უცნაური იყო, რადგან გასახდელში ტელევიზორი არასდროს გვინახავს. სკოლარიმ ტელევიზორი ჩართო. ეს იყო ბრაზილიური არხის „გლობოს“ ჩანაწერი.
იაპონიაში წასვლის შემდეგ, საკუთარ სამშობლოზე და მსოფლიოს გარშემო რა ხდებოდა არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი სიუჟეტი. ნაჩვენები იყო, თუ როგორ ემზადებოდა ხალხი ფინალისთვის. ბოლო კადრები ბენტო რიბეიროდან იყო, სადაც მე გავიზარდე, სადაც კედლებს ვხატავდი და სადაც საათობით ვთამაშობდი ფეხბურთს..
და უცებ დავინახე პატარა ბავშვები, რომლებსაც ჩვენთვის პატარა ფრესკები ჰქონდათ დახატული ისე, როგორც ამას მე ვაკეთებდი პატარაობისას. ეს იყო ბოლო რამ, რაც მოედანზე გასვლის წინ ვნახეთ..
როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ჩვენი გუნდი არაფერზე ნერვიულობდა. სიმართლეს გეტყვით. შესვენებისას გასახდელში ბევრი არ გვისაუბრია. არც რაიმე სტრატეგია არ განხილულა. ჩვენ უბრალოდ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა.
ეს იყო ნდობა ერთმანეთის მიმართ..
ამას მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ვგრძნობდით. ყველა თამაში ჩვენი იყო. ეს ალბათ საუკეთესო გუნდი იყო, რომელშიც ოდესმე მითამაშია. მეტიც, ვიტყვი, რომ უნაკლო!!
და ჩემთვის, რაც უფრო მაღალია წნეხი, თამაში უფრო მარტივი ხდება. მშვიდად ვიყავი და ღრმად ვსუნთქავდი. როცა გოლს იტან, ეს თითქოს ორგაზმს ჰგავს.. მაგრამ არა, ეს რაღაც უფრო მეტია. ოლივერ კანს ორჯერ გავუტანე და ასეთი გრძნობა მოედანზე არასდროს მქონია!
90-ე წუთზე მოედნიდან გამიყვანეს და ეს საოცარი იყო. მთელი სტადიონი ტაშს მიკრავდა. მე კი იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ტრავმის შემდეგ ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებდი..
მაშინ ეს ახალი კონცეფცია იყო..
მოედნიდან გასვლის შემდეგ, ნაკრების პრეს მდივანი როდრიგო პაივა დავინახე, რომელიც ჩემი რეაბილიტაციის პერიოდში გამუდმებით გვერდში მედგა და ყველგან დამყვებოდა. უბრალოდ ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე. ასეთი ემოცია არასდროს მქონია.
ის მომენტი.. ეს იყო საჩუქარი..
რა თქმა უნდა, დიდი ზეიმი მოეწყო. იმ ღამეს არავის ეძინა. ბრაზილიაში დაბრუნებისას, თვითმფრინავში ჩემს შვილთან ერთად ვიჯექი, რომელიც იმ დროს 2 წლის იყო. მამას გადავხედე და არაფერი გვითქვამს. ჩვენ ერთი შეხედვით ვუგებდით ერთმანეთს. ორივემ კარგად ვიცოდით რას ნიშნავდა მუნდიალის მოგება ჩვენი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის..
და რას ნიშნავდა ბენიტო რიბეიროსთვის..
უკანა გზაზე თვითმფრინავი ბრაზილიის ბევრ სხვადასხვა ქალაქში გაჩერდა. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეები. ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი ბედნიერი იყო. ყველგან ვხედავდი ფრესკებს, მაგრამ ახლა ჩვენი სახეებით.
მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ჩემს სამომავლო გეგმებზე და მიზნებზე ვფიქრობდი. გარდა ამისა, ჩემმა მუხლის ტრავმამ ბევრ რამეზე იმოქმედა. არავინ იცის, სად ვიქნებოდი, რომ არა ეს დაზიანებები..
ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის იმის დანახვის შესაძლებლობა იყო, თუ რამდენად შორს შემეძლო საკუთარი თავის წაყვანა და ვგრძნობ, რომ ამას იმდენ ხანს ვაკეთებდი, რამდენიც შემეძლო. მუხლის კიდევ ერთმა ტრავმამ გამომფიტა. ამის შემდეგ, „კორინთიასს“ შევუერთდი. მუხლის გარდა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც შემექმნა. სუნთქვა მიჭირდა და სტადიონზე ისე სწრაფად ვეღარ გადავადგილდებოდი.
ვიცოდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი.. თუ მე ისეთი ფეხბურთელი ვეღარ ვიქნებოდი, როგორიც მე მინდოდა ვყოფილიყავი, თუ ვერ შევძლებდი ისევ ისეთ ეფექტურობას, მაშინ ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა..
2011 წელს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო..
ვიცოდი, რომ ფეხბურთს უნდა დავმშვიდობებოდი..
მაგრამ ფეხბურთი - ეს დამოკიდებულებას ჰგავს. მოთამაშეებისთვის, მწვრთნელებისთვის, გულშემატკივრებისთვის.. სწორედ ამიტომ იპყრობს ამდენი ადამიანის გულს მთელს მსოფლიოში.. კარიერის დასრულების შემდეგ, ძალიან ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა მომცა ფეხბურთმა..
მინდა დავრწმუნდე, რომ ბავშვები, სადაც არ უნდა იყვნენ ფეხბურთს მაინც უყურებენ. ისე, როგორც ამას მე ვაკეთებდი ადრე.. სამწუხაროდ, ახლა ბევრი რამ შეიცვალა. არსებობს ბევრი სხვა გასართობი საშუალება, რომლებიც ბავშვების გონებას იპყრობენ და ეს ჯანსაღი არ არის! სულ უფრო ცოტა ბავშვს ვხედავ სტადიონზე და ეს ტკივილს მაყენებს.
ჩემთვის, საფეხბურთო მოედანი მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი რამ არის. როცა ბავშვი ხარ, შეგიძლია მოედანზე გახვიდე და შენი მომავალი დაინახო. იცით ძალიან რა მახარებს? ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მესი, ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ და იბრაჰიმოვიჩი არიან ამბობენ, რომ მათი შთაგონების წყარო მე ვიყავი და მათზე დიდი გავლენა მოვახდინე.
იყავით ფეხბურთელები და ამაზე ბევრი იფიქრეთ! მე ვიყავი ბიჭი ბრაზილიაში, ვხატავდი ფრესკებს და ვოცნებობდი ზიკოს დამსგავსებაზე. ისინი უბრალოდ ბიჭები იყვნენ ბრაზილიაში, არგენტინაში, პორტუგალიაში და შვედეთში, რომლებიც ოცნებობდნენ, რომ ჩემნაირი ყოფილიყვნენ. ეს გრძნობა გვაკავშირებდა, გესმით?
ეს ყველაფერი ჩემთვის ლამაზია.. ეს არის ფეხბურთი ჩემთვის..
იცით? ბევრი ვიფიქრე როგორ დამემთავრებინა ეს ამბავი.. ისტორიების მოყოლას კარგად ვიწყებ, მაგრამ მათი დასრულება არასდროს მინდა.
დავასრულებ ამით: „მე ვიცხოვრე ჩემი ოცნებებით. რამდენ ადამიანს შეუძლია ამის თქმა საკუთარ ცხოვრებაზე? ამდენი ფერი რომ ენახა და შემდეგ მასში ეცხოვრა..“ - მე რონალდო ვარ