''ამაზე დიდი იდიოტობა არ გამიგია'' - გუცაევმა 1982 წლის მუნდიალი გაიხსენა
თბილისის ''დინამოს'' ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა იაგო ხვიჩიას გადაცემაში ''საქართველოს დაბადება'' 1982 წელი გაიხსენა, როცა სსრკ-ს ნაკრები ესპანეთის მუნდიალზე დავით ყიფიანისა და ვლადიმერ გუცაევის გარეშე გაემგზავრა, სადაც წარუმატებლად იასპარეზა, ფინალური ეტაპის მეორე ჯგუფური ეტაპიდან გათამაშებას გამოეთიშა.
''როცა ამ სიტუაციას ვუყურებდი, არაფერი მიკვირდა. შესაძლოა, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთ გუნდში სამი მთავარი მწვრთნელი დანიშნონ, ამაზე დიდი იდიოტობა არ გამიგია. არ ვიცი, სამი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება ვინ მიიღო, არ ვიცი ასეთი სისულელე ვინ მოიფიქრა.
როგორ შეიძლება ლობანოვსკის, ბესკოვისა და ახალკაცის სახით ერთ გუნდს სამი მთავარი მწვრთნელი ჰყავდეს, რომლებსაც სხვადასხვა ხედვა აქვთ ფეხბურთსა და ცხოვრებაზე, სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. შესაძლოა, მათ საბჭოთა მენტალიტეტი ჰქონდათ, მაგრამ ქართველისა და რუსის აზროვნება და ზოგადად ცხოვრების გაგება განსხვავებულია. ეს გააკეთეს და შენ გიკვირს, რომ მე და ყიფიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაგვიყვანეს?
მით უმეტეს, იმ პერიოდში ასეთი სამი შემტევი, როგორებიც იყვნენ ყიფიანი, გუცაევი და შენგელია, სსრკ-ში სხვა გუნდს არ ჰყოლია. იმ პერიოდში ჩვენ ვიყავით ყველაზე პოპულარულები.
1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეხმოტეხილი ბურიაკი წაიყვანეს. ბურიაკი ჩემი მეგობარია, მაგრამ სიმართლეს ხომ უნდა შევხედოთ თვალებში. როგორ შეიძლება, როცა ფინალურ სტადიაზე 22 ფეხბურთელი მიდის, 21 ჯანმრთელია, 1 ტრავმირებული. მათ არ წაიყვანეს გუცაევი და ყიფიანი, მაგრამ წაიყვანეს ფეხმოტეხილი ფეხბურთელი. სსრკ-ს ნაკრებმა ესპანეთის მუნდიალზე წარუმატებლად ითამაშა, ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო''.
შეგახსენებთ, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე, სსრკ-ს ნაკრებში თბილისის ''დინამოს'' ოთხმა ფეხბურთელმა ითამაშა: ალექსანდრე ჩივაძემ (კაპიტანი), ვიტალი დარასელიამ, თენგიზ სულაქველიძემ და რამაზ შენგელიამ. სსრკ-ს ნაკრებს სამი მთავარი მწვრთნელი ჰყავდა კონსტანტინ ბესკოვის, ვალერი ლობანოვსკისა და ნოდარ ახალკაცის სახით.