იბერია 1999, ბუქარესტის სტიაუა, ლევან ნონიკაშვილი
Aa
Aa

''საქართველოს ღირსება დავიცავით'' - ნონიკაშვილი სტიაუასთან გამარჯვებაზე

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''საბურთალომ'' ლევან ნონიკაშვილის გოლით ''სტიაუა'' 1:0 დაამარცხა. გარდა იმისა, რომ ნონიკაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა, ზოგადად მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, მოედანზე საუკეთესო იყო. ლევან ნონიკაშვილი CrystalSport-ს ესაუბრა.

''უპირველესად, ასეთი კარგი თამაში იმან განაპირობა, რომ ვიცოდით, რა დონის თამაში გველოდებოდა, ვთამაშობდით არა მხოლოდ ''საბურთალოს'', არამედ საქართველოს სახელით, რაც ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. მთელმა გუნდმა შევძელით საქართველოს ღირსების დაცვა, თუმცა ჯერ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

ნებისმიერ გუნდს აქვს ისეთი პერიოდი, როცა სასურველ თამაშს ვერ აჩვენებს. ასე იყო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებში, თუმცა ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საუკეთესოდ ვითამაშოთ''.

''რა თქმა უნდა, ჩვენ მიმართ იმდენად დიდი ზეწოლა, იმდენად დიდი წნეხი არ ყოფილა, როგორც მაგალითად ბათუმის ''დინამოს'' მიმართ. ვფიქრობ, ეს ფაქტორი რაღაც მომენტში დაგვეხმარა. მომავალში ვეცდებით იმ დონეზე ვითამაშოთ, რომ ჩვენგან უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდეთ.

ვთვლი, რომ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩავატარე, როგორც თამაშის მნიშვნელობიდან, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ მატჩის ბედი ჩემმა გოლმა გადაწყვიტა''.

ლევან ნონიკაშვილმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის წასვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

''რა თქმა უნდა, როდესაც მთავარი მწვრთნელი მიდის გუნდიდან რაღაც დონეზე გუნდზე მოქმედებს, მაგრამ ჩემი აზრით ლაშა ნოზაძემ მოახერხა და გუნდში ის სიტუაცია შექმნა, რომ მწვრთნელის წასვლა ჩვენთვის პრობლემა არ ყოფილიყო, გუნდში შესანიშნავი გარემოა''.

ნონიკაშვილმა ''სტიაუასთან'' საპასუხო მატჩთან დაკავშირებით განაცხადა:

''ჩემი აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ანალოგიური ბრძოლა ნებისმიერ მომენტში და ინიციატივის მოპოვება. მოწინააღმდეგეს არ უნდა მივცეთ დომინირების უფლება. დარწმუნებული ვარ, რუმინეთში გასამართი მატჩიც ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება.

ჩვენი გუნდისა და ''სტიაუას'' ფეხბურთელებს შორის განსხვავება თვალშისაცემი ალბათ მხოლოდ ფიზიკური მონაცემების კუთხით იყო, ჩემი აზრით სხვა განსხვავება არ ყოფილა. ვამაყობ, რომ ასეთი გუნდელები მყავს''.

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''სტიაუასა'' და ''საბურთალოს'' საპასუხო დაპირისპირება 28 ივლისს გაიმართება.

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''საბურთალომ'' ალბანური ''პარტიზანის'' ბარიერი პენალტების სერიაში დაძლია. ''სტიაუასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ''საბურთალოს'' მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ ტირანაში მოპოვებულ გამარჯვებაზეც ისაუბრა:

ლაშა ნოზაძე: ''ტირანაში, პირველი ტაიმის შემდეგ, როცა გასახდელში შევედით, ვიცოდით, რომ ჩვენი გუნდები მარცხდებოდნენ. მაშინ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გულშემატკივრების გახარება ჩვენ შეგვეძლო და ამისთვის მაქსიმუმი უნდა გაგვეღო. პენალტებია სერია ლატარეაა, თუმცა ის შეხვედრაც დამსახურებულად მოვიგეთ და ამ გეზის გადახვევას არ ვაპირებთ''.

ლევან ნონიკაშვილი: ''ჩემი აზრით, მწვრთნელის ფაქტორი დიდია, როდესაც ასეთი დაძაბული თამაშია. რა თქმა უნდა, ტირანაში მისმა სიტყვებმა იმოქმედა, რამაც განაპირობა ჩვენთვის სასურველი შედეგი''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დილადან დინამოში - ღუდუშაური საქართველოს ჩემპიონში ითამაშებს
დილადან დინამოში - ღუდუშაური საქართველოს ჩემპიონში ითამაშებს