„სალაჰმა პანდორას ყუთი გახსნა" - იურგენ კლოპმა დარვინ ნუნიესი შეაქო
„ლივერპულის“ ახალწვეულმა, დარვინ ნუნიესმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და „ლაიპციგის“ კარში პოკერი შეასრულა. საფინალო სასტვენის შემდეგ, იურგენ კლოპი 23 წლის შემტევის ასპარეზობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰმა პანდორას ყუთი გახსნა, როცა ნუნიესს პენალტის დარტყმის უფლება დაუთმო.
„იყო თუ არა იდეალური საღამო? ალბათ, კი. პირველ ტაიმში იყო კარგი მომენტები, თუმცა მოძრაობა არ გვყოფნიდა. 120 და 90 წუთის განმავლობაში თამაშს ახლიდან უნდა შევეჩვიოთ და ახლა 50, 60 და 70 წუთი გვიჭირს თამაში.
მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ. მოედანზე ჰენდერსონი და მილნერი შევიდნენ და ისინი ძალიან აქტიურობდნენ, შემდეგ კი სალაჰმა ნუნიესს პენალტის დარტყმის საშუალება მისცა და ამით პანდორას ყუთი გახსნა. დარვინისთვის ეს იდეალური საღამო იყო და მან საუკეთესო მეთოდი იპოვა, რათა მის გარშემო დაწყებული ნებისმიერი სახის საუბარი დაესრულებინა. იგი ჩვენი ყოფილი ფორვარდებისგან განსხვავებულია და ეს ნამდვილად კარგი რამაა“.
ცნობისთვის, ნუნიესი მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე გამოვიდა და პოკერის შესასრულებლად 42 წუთი ეყო. მის გარდა, „ლივერპულის“ რიგებში მო სალაჰი გამოირჩა, რომელმაც ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა.