გეგუჩაძე: „დღეს მინდორზე არ ვყოფილვართ, ქომაგებს ბოდიშს ვუხდი"
„დინამო ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პოზნანის „ლეხთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ქართველი სპეციალისტის გუნდი 0:5 განადგურდა და აჭარელთა თავკაცმა ქომაგებს ბოდიში მოუხადა.
„შესაფასებელიც არაფერია. ჩვენს დღევანდელ მოწინააღმდეგეს, ლეხს გამარჯვებას ვულოცავ. დღეს მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და ეს ლეხი გახლდათ. სამწუხაროდ, ჩვენ მინდორზე არ ვყოფილვართ. სხვას ვერაფერს ვიტყვი და ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ალბათ, რაღაც გამოგვეპარა.
როცა გუნდი არ თამაშობს და მოედანზე არ იმყოფება, ეს მთლიანად მწვრთნელის პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და მინდა, ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მრავლად გვყავს და ჩვენგან გაცილებით მეტს ელოდებიან, ბოდიში მოვუხადო“.
შეგახსენებთ, რომ „ლეხმა“ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო და შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა. „დინამო ბათუმმა“ თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა, მეორე ნახევარში ორი გოლი გაუშვა და საპასუხო მატჩში, რომელიც 28 ივლისს გაიმართება, სასწაულის მოხდენა მოუწევს, რათა მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლოს.
ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი