„ფავორიტები არ ვართ“ - სტიაუას მწვრთნელი საბურთალოსთან მატჩამდე
ხვალ, უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში „საბურთალო“ დინამო არენაზე ბუქარესტის „სტიაუას“ უმასპინძლებს.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონ პეტრეამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა პეტრეამ:
ამ სეზონში ევროტურნირებზე ეს ჩვენთვის პირველი თამაში იქნება. ვეთამაშებით კლუბს, რომელმაც დრამატულად მოახერხა პირველი ეტაპის დაძლევა. ეს მნიშვნელოვანი ნიშანია, ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. მეტოქე ნამდვილად ძლიერი გუნდია და ეს პირველ რაუნდშიც დაამტკიცა.
იმედი მაქვს, რომ ხვალ კარგი თამაში იქნება. საამისოდ დიდი გარჯა დაგვჭირდება. უნდა ვაჩვენოთ, რომ კლუბი მაღალ დონეზეა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.
ბოლო პერიოდში ევროტურნირებზე ფავორიტის და აუთსაიდერის სტატუსი აღარ არსებობს. ამის დასტური პირველი რაუნდი იყო, სადაც არაერთმა კლუბმა შეძლო სენსაციის მოხდენა. ამიტომ, არ მგონია, რომ ხვალ ფავორიტები ვიქნებით.
საბურთალოს თამაში გავაანალიზეთ. მათ ორი განსხვავებული შეხვედრა ჩაატარეს. დავაფიქსირეთ, რომ სხვადასხვა სისტემაზე გადაწყობა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვართ და ვიმედოვნებ, რომ ანალიზი სწორი იქნება და ხვალ წარმატებულად დავასრულებთ შეხვედრას.
ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და შეუძლებელია სასურველ ფორმაზე საუბარი. საპირისპიროდ კი გვყავს მეტოქე, რომელმაც ბოლო პერიოდში ბევრი შეხვედრა ჩაატარა. თუმცა, მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიარეთ და გარკვეულწილად, ფორმის აღდგენა შევძელით. სხვა დანარჩენს მნიშვნელობა აღარ აქვს.
ყველამ იცის, რომ ვართ გუნდი, რომელიც აგრძელებს სტიაუას გზას და იმ გუნდის მემკვიდრეა. ჩვენ არასდროს დავქვეითებულვართ ქვედა ლიგაში და ვაგრძელებთ იმ სტიაუას გზას. ეს არის სამართალდავა და იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საბურთალოსა და ბუქარესტის „სტიაუას“ შეხვედრა ხვალ, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.