"ბათუმის დინამოზე უკეთესი გუნდი გვყავს" - კვეკვესკირი მატჩის წინ
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ „ლეხს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, პოლონური კლუბის ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
რა თქვა კვეკვესკირმა?
„ჩვენ ბათუმის „დინამოზე“ უკეთესი გუნდი ვართ და მათზე მაღალი ხარისხი გვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე. „სლოვანთან“ მატჩს ვუყურე და ბათუმმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა, თუმცა არ გაუმართლა. „დინამოს“ საკუთარი სტილი და ხედვა აქვს. ასეთი გუნდის წინააღმდეგ, რაც გვაქვს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ.
ქართული ფეხბურთი სწორ გზაზე დგას. სამწუხაროა, რომ ხვალ ქართული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ბათუმს ჩვენთან საკმაოდ გაუჭირდება და წარმატებას ვერ ვუსურვებ, რადგან გამარჯვება გვსურს. პოლონეთის ექსტრაკლასი საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი დონის არის.“
შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა. გია გეგუჩაძის გუნდი ბრატისლავის „სლოვანთან“ ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელები 1:0-ს იგებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს ორი გოლი მიიღეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.
ცნობისთვის, „ლეხისა“ და ბათუმის „დინამოს“ პირველი დაპირისპირება 21 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.