„თამაშიდან თამაშამდე უმატებს" - რას წერენ ესპანურ პრესაში მამარდაშვილზე
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც „დორტმუნდს“ 3:1 სძლია. „ღამურების“ ახალი თავკაცისთვის, ჯენარო გატუზოსთვის ეს სადებიუტო შეხვედრა იყო და ესპანურმა გამოცემებმა, Superdeporte-მ და Plazadeportiva-მ „ჩეს“ ასპარეზობას სტატიები მიუძღვნეს. ჩვენთვის საინტერესო ის ნაწილია, რომელშიც საუბარი ქართველ მეკარეზე მიდის.
Plazadeportiva: „შეგვიძლია, რამდენიმე ფეხბურთელზე ვისაუბროთ, რომლებმაც მაღალ დონეზე იასპარეზეს და ერთ-ერთი მათგანი გიორგი მამარდაშვილია. მან კარგი მატჩი ჩაატარა და აგრძელებს იმის ჩვენებას, რომ ის მეკარეა, რომელიც ყველა ჩვენგანს გვინდა და ყველა ჩვენგანი იმსახურებს“.
Superdeporte: „გიორგიმ წინასასეზონო ეტაპი ისე დაიწყო, როგორც გასული სეზონი დაასრულა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, მოედანზე 63 წუთი გაატარა, გვაჩვენა, რომ გასულ სეზონში მომხდარი მირაჟი არ ყოფილა და თამაშიდან თამაშამდე უმატებს. დორტმუნდის ყველა სახიფათო შეტევისას, გიორგიმ გუნდს უსაფრთხოების შეგრძნება გაუჩინა და რამდენიმე რთული სიტუაცია კარგი სეივით განმუხტა, როისის გოლის ეპიზოდში კი ბევრს ვერაფერს იზამდა“.
შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდთან“ შეხვედრაში „მამარდას“ 5 სეივი ჰქონდა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. ამ მატჩის შემდეგ, ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა სტატია გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ გიორგიმ ფეხით თამაში უნდა გააუმჯობესოს, რადგან გატუზოს თამაშის სტილში მეკარე თითქმის ლიბეროა.