„დინამომ დაიწუნა, 2015 წლიდან ლა ლიგასა და სერია A-ში თამაშობს“ - ბარათაშვილი ჩაშლილ ტრანსფერზე
Aa
Aa

„დინამომ დაიწუნა, 2015 წლიდან ლა ლიგასა და სერია A-ში თამაშობს“ - ბარათაშვილი ჩაშლილ ტრანსფერზე

ტელეკომპანია „Silk სპორტი“-ს გენერალური დირექტორი, ბიძინა ბარათაშვილი CrystalSport-ის Youtube არხის საფეხბურთო კონტენტის, „საგოლე გადაცემა“-ს სტუმარი იყო. ბარათაშვილმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთი „დინამო თბილისი“-ს სატრანსფერო პოლიტიკას ეხებოდა, რაზეც საინტერესო მაგალითი მოიყვანა, თუ როგორ ჩაიშალა ამჟამად ლა ლიგაში მოასპარეზე არგენტინელი ფეხბურთელის, გონსალო ესკალანტეს გადასვლა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში.

„პირადად მქონდა კომუნიკაცია „დინამო თბილისთან“, გონსალო ესკალანტეს შესაძლო ტრანსფერზე. პატრიციო ტეუბალი, რომელიც „პალერმოს“ სპორტული დირექტორი იყო, ჩემი ახლო მეგობარი და „ბოკა ხუნიორსის“ წრეში მიღებული კაცია. ესკალანტე მაშინ სწორედ „ბოკაში“ თამაშობდა და პატრიციომ მითხრა, რომ საქართველოში გადმობარგებაზე თანახმა იქნებოდა, თუკი სათანადო ხელფასს გადაუხდიდნენ.

მათი პირობები „დინამოს“ ხელმძღვანელობას გავაცანი და რა უნდა მოეთხოვა განსაკუთრებული 20-22 წლის ბიჭს, მაგრამ აქ ეს პირობები არ მოეწონათ და ტრანსფერი ჩაიშალა. სამაგიეროდ, მოეწონა „ეიბარს“ და დღემდე ტოპ 5 ჩემპიონატიდან ორს შორის მოგზაურობს - იყო ცოტა ხნით „ლაციოში“, ახლა კი ისევ ლა ლიგაში დაბრუნდა. მესმის, რომ ესკალანტე რედონდო არაა, ეს ისედაც გასაგები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩამოყავთ ფეხბურთელები, რომლებიც შემდეგ ევროტურნირების განაცხადშიც კი ვერ ხვდებიან“.

პატრიციო ტეუბალი, რომელზეც ბარათაშვილმა ისაუბრა, 2012-14 წლებში იტალიური „პალერმოს“ აღმასრულებელი დირექტორი იყო, ასევე მუშაობდა სილვიო ბერლუსკონის ტელევიზია Mediaset-ში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე.

რაც შეეხება გონსალო ესკალანტეს, 29 წლის არგენტინელი ნახევარმცველი 2013-15 წლებში „ბოკა ხუნიორსში“ თამაშობდა, შემდეგ სიცილიურ „კატანიაში“ გადავიდა, 2015-დან 2020 წლამდე „ეიბართან“ ერთად ლა ლიგაში ასპარეზობდა და ჯამში 154 მატჩი ჩაატარა, 2020 წლიდან „ლაციოს“ საკუთრებაა, სერია A-ს 2020-21 წლების სეზონში 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გასული სეზონი კი, იჯარის წესით, ისევ ლა ლიგაში - ამჯერად „ალავესის“ მაისურით ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ CrystalSport-ის Youtube არხზე „საგოლე გადაცემა“ ყოველ ორშაბათს 20:00 საათზე Live რეჟიმში გადის. ბარათაშვილის სტუმრობის სრული ვერსია შეგიძლიათ, აბზაცის ქვემოთ მოცემულ ბმულზე იხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 ბურთი მოიგერია - მამარდაშვილმა დორტმუნდთან გაიბრწყინა
5 ბურთი მოიგერია - მამარდაშვილმა დორტმუნდთან გაიბრწყინა