„იტალიასთან მოგებით ქართული რაგბი ახალ დონეზე ავიდა
Aa
Aa

„იტალიასთან მოგებით ქართული რაგბი ახალ დონეზე ავიდა" - სოსო ტყემალაძე Daily Mail-ს ესაუბრა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ ცნობილ ბრიტანულ გამოცემას, Daily Mail-ს ინტერვიუ მისცა და იტალიასთან გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა.

„იტალიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ძალიან დიდი წვეულება გავმართეთ, რომელსაც ბევრი ადამიანი დაესწრო. მგონი, ღვინისა და შამპანურის 50 ბოთლი დავლიეთ. ეს მატჩი მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო და შეხვედრის შემდეგ, მუშაობა არავის უნდოდა, ყველა სვამდა და ზეიმობდა.

საქართველო ამბიციური სარაგბო ქვეყანაა და ამ მატჩამდე დღეში 24 საათი ვმუშაობდით, ახლა კი 26 საათი მოგვიწევს, მუშაობა. როცა ჩვენი ამბიციური გეგმების შესახებ სხვებს ვუთხარი, ყველა შოკირებული იყო. ერთ დღეს, საქართველო მსოფლიო ჩემპიონი გახდება, მაგრამ ამისთვის სტრატეგია გვჭირდება, რომელზეც ახლა თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ვფიქრობ, 10-15 წლის შემდეგ, ძალიან დიდი შედეგების მიღწევა შესაძლებელი იქნება. 6 ერს რაც შეეხება, მგონია, იქ 2-3 წელიწადში შევალთ.

რა თქმა უნდა, იტალიასთან გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს წარმატება მთელ ქვეყანას სჭირდებოდა და ქართული რაგბი ახალ დონეზე გადავიდა. იმედი გვაქვს, ეს გამარჯვება უფრო დიდ მოგებებს მოგვიტანს, მაგრამ ამისთვის მუშაობა, მუშაობა და მუშაობაა საჭირო. რაგბის მმართველებმა ნახეს, რა გავაკეთეთ, მაგრამ ჩემს მხარდამჭერებს, რაგბის ქომაგებსა და მორაგბეებს ვეუბნები, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ. ყველა შეხვედრაში უნდა ვაჩვენოთ, რომ იმ დონეზე ვიმყოფებით, რომელიც იტალიასთან ვანახეთ, რადგან ექვს ერს გრძელვადიანი გეგმების დანახვა სურს. როგორც პრეზიდენტმა, შემიძლია, გითხრათ, რომ სერიოზული ცვლილებებისთვის კიდევ 2-3 წელი გვჭირდება. დანარჩენი 6 ერზეა დამოკიდებული და ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება.

უელსმა სამხრეთ აფრიკა დაამარცხა, იტალიამ უელსს სძლია და საქართველომ იტალიას მოუგო, რაც ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონია. 6 ერი ჩვენი ოცნებაა, მაგრამ მის ასასრულებლად მუშაობაა აუცილებელი. საქართველოსა და იტალიის დაპირისპირებას საქართველოს 26 მუნიციპალიტეტში მოწყობილ დიდ ეკრანებზე აჩვენებდნენ და ყველას უნდოდა, გაეგო, მინდორზე რა ხდებოდა. ბორჯღალოსნების გამარჯვების წყალობით, რაგბის მიმდევარი ბავშვების რაოდენობა 3000-5000-ით გაიზრდება.

აძურის პრეზიდენტს, მარციო ინოსენტის რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ის ელოდებოდა, რომ იტალია გაიმარჯვებდა. მატჩის დაწყებამდე მითხრა, რომ შეხვედრის შემდეგ წვეულება მომეწყო და საქართველოს ესწავლა მარცხის შემთხვევაში, გამარჯვებულებთან მესამე ტაიმი როგორ აღენიშნა. ვუპასუხე, რომ ამაზე არც კი ეფიქრა, რადგან მესამე ტაიმისთვის ყველაფერი მზად იყო და საქართველოს სტუმართმოყვარეობა ოდითგანვე იყო ცნობილი. ვუთხარი, რომ თუ იტალია გაიმარჯვებდა, იტალიურად ვიმღერებდი, მაგრამ თუ საქართველო გაიმარჯვებდა, მას ქართულად უნდა ემღერა. იტალია დამარცხდა და ინოსენტი მესამე ტაიმზე არც გამოცხადდა. რაგბს პატივს იმიტომ ვცემ, რომ ომისა და ბრძოლის მიუხედავად, საფინალო სასტვენის შემდეგ, ძმები ვართ და ერთმანეთს უდიდეს პატივს ვცემთ. ჰკითხეთ, ინოსენტის რატომ არ მოვიდა, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ მის ნაცვლად ქართულად მე ვიმღერე და ხმა ჩახლეჩილი ამიტომ მაქვს. იტალიის მადლობელი ვარ, ჩვენთან რომ ჩამოვიდა და სიმართლე გითხრათ, არ მინდა, აძური 6 ერიდან გააგდონ. 6 გუნდის ნაცვლად, 8-გუნდიანი ფორმატის დანერგვა ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნებმა“ ზაფხულის ტესტები პორტუგალიასთან გამართული მატჩით დახურეს და მეტოქეს დამაჯერებლად სძლიეს - 23:14.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, ყველას ვაჩვენო, რამდენად მტკიცე ხალხი ვართ ქართველები“ - მამუს დიდი აღიარება
„მინდა, ყველას ვაჩვენო, რამდენად მტკიცე ხალხი ვართ ქართველები“ - მამუს დიდი აღიარება