„მინდა, ყველას ვაჩვენო, რამდენად მტკიცე ხალხი ვართ ქართველები“ - მამუს დიდი აღიარება
Aa
Aa

„მინდა, ყველას ვაჩვენო, რამდენად მტკიცე ხალხი ვართ ქართველები“ - მამუს დიდი აღიარება

გუშინ, ლას ვეგასის საზაფხულო ლიგა დასრულდა და NBA-მ სიმბოლური ნაკრებები დაასახელა. „მილუოკი ბაქსის“ ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც ვისკონსინელთა მაისურით ბრწყინვალედ იასპარეზა, პირველ სიმბოლურ გუნდში მოხვდა. სანდრო „მილუოკის“ საზაფხულო გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო და საშუალოდ 17 ქულას, 8.8 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. „მამუმ“ საუკეთესო მატჩი „ბოსტონთან“ ჩაატარა და „კელტების“ წინააღმდეგ 28 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, „მინესოტასთან“ კი დომინანტური ორმაგი დუბლით გამოირჩა - 18 ქულა, 15 მოხსნა.

ამ აღიარების შემდეგ, ცნობილმა გამოცემამ, Athletic-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „მილუოკი ბაქსის“ საზაფხულო ლიგის ლიდერებზე ისაუბრა და ბუნებრივია, მის ავტორს სანდრო მამუკელაშვილი უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

„საზაფხულო ლიგის მატჩებისას რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მამუკელაშვილი პარკეტზე საუკეთესო კალათბურთელივით გამოიყურებოდა, ბოსტონთან გაფორმებული ჩატენვა კი გასული ორი კვირის ალბათ, საუკეთესო მომენტი იყო. სულერთია, რა დონეზე გვაქვს საუბარი, ყოველდღე ვერ ნახავ კალათბურთელს, რომელიც ასე ტრიალდება და გადამწყვეტ მომენტში, საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე, მეტოქე გუნდის მაღალს ბურთს თავზე ატენის. რაც მთავარია, ეს არაა მოქმედება, რომელსაც წარმოიდგენდით, რომ მამუკელაშვილი გასულ სეზონში შეასრულებდა.

მამუმ Athletic-ს უთხრა, რომ წინასასეზონო ეტაპზე წონაში მოიმატა და ეს ძალა სელტიქსთან მატჩის ბოლოს განხორციელებული ჩატენვისას და ჯარიმით ჩაგდებული რამდენიმე ბურთისას გამოაჩინა. მართალია, მან გადამწყვეტი შეხვედრა ცუდად ჩაატარა, მაგრამ საშუალოდ 17 ქულას, 8.8 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას მაინც აგროვებდა და პარკეტიდან 45 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან - 47.6 პროცენტით უტევდა. იგი გუნდში საუკეთესო იყო და საზაფხულო ლიგაზე მოთამაშე კალათბურთელისგან, რომელიც NBA-ში მეორე სეზონს იწყებს, მილუოკის სწორედ ამის ნახვა სურს. არიან კალათბურთელები, რომლებიც აღნიშნული ტურნირის შემდეგ, დაისვენებენ და ახალი სეზონისთვის მოემზადებიან, მამუკელაშვილი კი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ევრობასკეტზე იასპარეზებს. ეს მისთვის ეროვნულ გუნდში ჩატარებული პირველი მასშტაბური ტურნირი იქნება.

„საქართველოში გავიზარდე და როცა პატარა ვიყავი, ყველა თამაშს ვესწრებოდი. კარგად მახსოვს, შეგრძნებები, რომლებიც მაშინ მეუფლებოდა. სახლში მისვლის შემდეგ კი ვცდილობდი, ზუსტად იგივე გამემეორებინა, რასაც ისინი აკეთებდნენ. ასე რომ, პარკეტზე გასვლის შანსის მიღება, ჩემი ნიჭის წარმოჩენის საშუალება და ჩემი პატარა ქვეყნის ღირსების დაცვა დიდი პატივია. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვაკეთებ არის იმის არ დავიწყება, რომ NBA-ში მყოფი ორი ქართველიდან ერთ-ერთი ვარ და ყოველთვის, როცა პარკეტზე გავდივარ, მინდა, ყველას ვაჩვენო, რა მტკიცე ხალხი ვართ ქართველები. ეს დაუჯერებელი შეგრძნებაა. ერთი სული მაქვს, მათთან ერთად როდის ვითამაშებ და ბურთს კალათისკენ როდის გავუშვებ. მათ მხარდამხარ არასდროს მიასპარეზია და ეს ახალი გამოცდილებაა, რომელსაც მოუთმენლად ველოდები“, - აცხადებს მამუ Athletic-თან საუბრისას.

ევრობასკეტის ეგიდით გამართული მაღალი დონის მატჩებში მონაწილეობის მიღება მამუკელაშვილისთვის სასარგებლო იქნება და საინტერესოა იმის ნახვა, საქართველოს ნაკრებში რა როლი ექნება, რადგან ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული“, - წერს ცნობილი გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პირველ შეხვედრას 1-ელ სექტემბერს გამართავს და ბელგიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დორტმუნდის წინააღმდეგ - მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია
დორტმუნდის წინააღმდეგ - მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია