გია ცეცაძე თელავის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საფეხბურთო კლუბ ''თელავის'' მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძე დაინიშნა. გიორგი ჭელიძის წასვლის შემდეგ პოსტი ვაკანტური იყო, ჭელიძეს ცეცაძე შეცვლის. ინფორმაცია თელავურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
20 ტურის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ''თელავი'' 25 ქულით მე-6 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს. გია ცეცაძის ოფიციალური დებიუტი 13 აგვისტოს შედგება, 21-ე ტურში ''თელავი'' წყალტუბოს ''სამგურალს'' უმასპინძლებს.
რაც შეეხება გია ცეცაძის სამწვრთნელო კარიერის გამორჩეულ მომენტებს, 2013 წელს მისი გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა. 2016 წელს გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ''სამტრედია'' საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ცეცაძეს ასევე უმუშავია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად (2017-19) და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ასისტენტად (2015). 2020 წელს უკრაინული ''ლვოვის'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა 8 მატჩის შემდეგ გუნდს დაემშვიდობა (2020). შემდგომში ''სამტრედიასა'' და ''ტორპედოს'' წვრთნიდა, მაგრამ ამ პერიოდში შედეგები არასახარბიელო იყო.