Marca-ს ვარაუდი - მამარდაშვილი დორტმუნდთან ძირითად შემადგენლობაში იქნება
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ შვეიცარიაში იმყოფება, სადაც წინასასეზონო სამზადისს გადის. ჯენარო გატუზოს გუნდი დღეს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და „დორტმუნდს“ დაუპირისპირდება. ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, Marca-ს ვარაუდით, „შავ-ყვითლებთან“ „ჩეს" ძირითად შემადგენლობაში ქართველი მეკარე იქნება.
„ჯენარო გატუზო სავარჯიშო სესიებისას როტაციას აქტიურად იყენებს. იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელები 11-11-ზეც ათამაშა და ყურადღება იმ სიტუაციებზე გაამახვილა, რომლებიც შესაძლოა, მატჩებისას წარმოიქმნას.
კვირას, დორტმუნდთან დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე, გატუზომ გამოიყენა თერთმეტეული, რომელიც შესაძლოა, გერმანულ კლუბთან მატჩში მოედანზე გავიდეს და მასში ყველა მძიმეწონოსანი მოხვდა: მამარდაშვილი, კორეია, პაულისტა, მოსკერა, გაია, გილამონი, სოლერი, მუსა, კასტილეხო, მაქსი და გედეში“, - წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა. გეტყვით იმასაც, რომ „ვალენსიასა“ და „დორტმუნდის“ დაპირისპირება თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.