„კვარაცხელია უკვე ნაპოლის ოქროა" - იტალიური პრესა ხვიჩაზე
დღეს „ნაპოლიმ“ წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე მეორე შეხვედრა ჩაატარა და სერია B-ს ბინადარ „პერუჯას“ 4:1 მოუგო.
სასტარტოში მყოფმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა კვლავ მოახერხა. ამჯერად „კვარამ“ ვიქტორ ოსიმენთან ლამაზად გათამაშებული კომბინაციის შედეგად ძალიან ეფექტური ბურთის გატანა შეძლო.
მატჩის შემდეგ იტალიური პრესა ქართველი შემტევის თამაშს მალევე გამოეხმაურა. გთავაზობთ ორი მათგანის შეფასებას:
La Repubblica:
„პირველი გოლის ავტორი ნაპოლის ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც გუნდს გამარჯვებისკენ გზა გაუხსნა.
ახალმა ქართველმა ფორვარდმა მყისიერად დაარღვია მეტოქის ჩიხი და დიდებული გოლი გაიტანა.
2000-მდე ქომაგი ყველაზე მეტად ორი მოთამაშის (კვარა და ოსიმენი) ხილვას ელოდნენ, რომლებმაც პერუჯას დაცვაში გასასვლელი მალევე იპოვეს.
ნაპოლის ახალწვეულმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავის სადებიუტო მატჩში და ამჯერად უფრო მაღალი დონის მეტოქესთანაც დაადასტურა თავისი მაღალი კლასი. ხვიჩას დრიბლინგი თითქმის ურყევი იყო და დამაგვირგვინებელ ფაზაში ის ცივსისხლიანად მოქმედებს.
ხვიჩა ოსიმენს კარგად უგებს, ინსინიე-მერტენსის წასვლისა და ტაქტიკის 4-3-3-ის ფორმირების შემდეგ“. - წერს ცნობილი იტალიური გამოცემა.
Calcioinpillole:
„კვარაცხელია უკვე ნაპოლის ოქროა. პერუჯასთან მატჩში ისევ ნეაპოლელთა ახალწვეულმა კვარაცხელიამ გაიბრწყინა და ოსიმენთან კედლის გათამაშების შემდეგ გაიტანა“.