კვარაშოუ გრძელდება - ხვიჩას მორიგი გოლი და ნაპოლის გამარჯვება
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე მეორე შეხვედრა ჩაატარა და სერია ბ-ს ბინადარ „პერუჯას“ დაუპირისპირდა. მატჩი სპალეტის გუნდმა 4:1 მოიგო.
კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო კვარაცხელია, რომელიც ამჯერადაც მატჩის მთავარი მოქმედი პირი გახდა. ხვიჩამ შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა.
ქართველმა შემტევმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და საჯარიმოსკენ დაიძრა, სადაც ვიქტორ ოსიმენს კედელი გაუთამაშა და ერთი-ერთზე გასულ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
პირველ ტაიმში ხვიჩა აქტიური იყო და მეტოქე გუნდის მცველები მის წინააღმდეგ უხეშობასაც არ ერიდებოდნენ.
გამოსარჩევი იყო წუთშესვენებისას კვარასა და ლუჩანო სპალეტის საუბრის მომენტი, როცა იტალიელი სპეციალისტი ხვიჩას ტაქტიკურ დარიგებებს აძლევდა.
პირველი ტაიმის შემდეგ, როგორც წინა შეხვედრაში მოხდა, ამჯერადაც სპალეტიმ თითქმის მთელი გუნდი შეცვალა, მათ შორის ხვიჩაც.
ნეაპოლელთა მხრიდან გოლების ავტორები ხვიჩას გარდა სამბო ანგისა, მატეო პოლიტანო და ანდრეა პეტანია გახდნენ.