"კვარა დამიძახეთ, დიახ კვარადონაც მომწონს" - ხვიჩას პირველი ინტერვიუ ნეაპოლში
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ, პირველი პრესკონფერენცია გამართა და პრესის კითხვებს უპასუხა.
პირველი ემოციები - კვარა არავის შესაცვლელად არ მისულა
„ჩემთვის დიდი სტიმულია, ნაპოლი დიდი გუნდია, აქ იმისთვის მოვედი, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო.
ინსინიე ძალიან დიდი ფეხბურთელია, ის გუნდის ლეგენდაა, აქ არავის შესაცვლელად არ მოვსულვარ. აქ იმიტომ ვარ, რომ ყველას ჩემი მაქსიმუმი ვანახო.
რატომ ნაპოლი? პირველ რიგში ძალიან კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით, კარგი ფეხბურთელებით, და როცა ოფიციალურად მივიღე ეს შემოთავაზება დიდხანს არ მიფიქრია და სწრაფად დავთანხმდი. ვიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ამას დროც გვანახებს.
ამ შვიდმა დღემ პირველ რიგში ის ემოციები დამიტოვა, რომ ფეხბურთელები ყველანი გვერდში დამიდგნენ, ძალიან კარგად დამხვდნენ და ვხვდები რამდენად დიდი ფეხბურთელები არიან ამ გუნდში, მეც ბევრ რამეს ვსწასვლობ, ჯერ ახალგაზრდა ვარ, უნდა ვისწავლო და გამოცდილება მივიღო“.
ფავორიტი მოთამაშე
„ჩემი ფავორიტი მოთამაშე? კრიშტიანო რონალდო“.
საყვარელი სათამაშო პოზიცია
„მარცხენა ნახევარმცველად თამაში მომწონს, გარემარბის პოზიციაზე“.
ენობრივი ბარიერი
„უკვე დავიწყე იტალიურის სწავლა და დიდი იმედი მაქვს რამდენიმე თვეში იტალიური მეცოდინება. დიახ, რუსულადაც ვსაუბრობ.
ენის სრულად შესასწავლად 3-4 თვე ან მეტი დამჭირდება. საფეხბურთო ტერმინები კი უფრო მარტივია და ადვილად ვისწავლი“.
ომი და რატომ დატოვა რუსეთი?
„რატომ წამოვედი რუსეთიდან? ომის შესახებ. ვფიქრობ ეს ცოტა რთული საკითხია, უფრო პოლიტიკური საკითხია. იმიტომ წავედი, რომ საჭიროება მოითხოვდა და წავედი საქართველოში სათამაშოდ. ჩემი ქვეყნის გამო სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ეს პოლიტიკური შეკითხვაა.
აქ იმიტომ ვარ, რომ გავიზარდო უფრო მეტად როგორც ფეხბურთელი“.
პატარა ქვეყნიდან დიდ გუნდში
ვფიქრობ, როცა პატარა ქვეყნიდან ასეთ დიდ გუნდში მიდის ფეხბურთელი ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, გამოცდილებაა ჩემთვის და საქართველოსთვისაც. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კი დიდი მოტივაციაა“.
ემოციურად მზადყოფნა
„ემოციურად მზად ვარ და ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. ამას მოედანზე დავამტკიცებ“.
ნეაპოლის შესახებ
„ნეაპოლის შესახებ ვიცოდი, რომ ძალიან ლამაზი ქალაქი იყო. როცა ჩამოვედი ისეთი სილამაზე დამხვდა არ ველოდი. ვიცოდი, რომ ქოაგები ფეხბურთზე ძალიან არიან შეყვარებულები. როცა ქალაქში გამოვდიოდი ფეხბურთელებს ყველა ცნობდა“.
გოლების რაოდენობა და მაისურზე დაწერილი გვარი
„გოლების რაოდენობა? რთული სათქმელია რამდენს გავიტან, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებ. რაც შეეხება ჩემს გვარს, მაისურზე ის სრულად მეწერება, თუმცა ქომაგებს შეუძლიათ კვარა დამიძახონ“.
სათამაშო ნომერი
„რატომ 77 ნომერი? შვიდიანი ჩემი საყვარელი ციფრია. დარჩენილი ორი შვიდიანი იყო და ამიტომ ავიღე 77 ნომერი“.
სხვა შემოთავაზებები
„ბევრი შემოთავაზება მქონდა ბოლო დროს, მაგრამ როცა ნაპოლიმ შემოთავაზება გამიკეთა, ეს ყველაზე რეალური წინადადება იყო და დიდხანს აღარ მიფიქრია.
სამწუხაროა, რომ ასეთმა დიდმა ფეხბურთელებმა დატოვეს ნაპოლი, მაგრამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩემპიონატში მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ“.
გუნდური წარმატება, თუ პერსონალური?
„ჩემი აზრით, გუნდური წარმატება მთავარია და ამის შემდეგ როგორც ფეხბურთელი აუცილებლად გაიზრდები, როცა გუნდი იგებს“.
სათამაშო პოზიციის ცვლილება
„პოზიციის ცვლილება? სადაც ვთამაშობ ის ადგილი ჩემთვის საუკეთესოა. მაგრამ გუნდს სადაც დასჭირდება იქ ვითამაშებ. მარჯვენა ფორვარდად? ვფიქრობ ყველაფერს გავაკეთებ, რომ პოზიციის ცვლილება არ შემეტყოს. სადაც გუნდს დასჭირდება იქ ვითამაშებ“.
ქომაგების გულების მოგება
„ვფრიქრობ რთული იქნება ქომაგებს თავი შეაყვარო, რადგან აქ მარადონა თამაშობდა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქომაგების გულის მოსაგებად. მინდა მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს, გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ყველაფრის მოგება შევძლოთ.
გუნდში ვერავის გამოვარჩევ კონკრეტულად. აქ ბევრი კარგი მოთამაშეა.
კვარადონა
კვარადონა? დიახ მივხვდი ამ ზედმეტსახელის მნიშვნელობას. მარადონა ნაპოლისთვის ყველაფერია. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ასეთ რამეს აკეთებენ ქომაგები. რა თქმა უნდა, მარადონას არ შევედრები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნეაპოლელები ჩემით კმაყოფილები იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს ზედმეტსახელი მომწონს“.