კონფერენს ლიგა
Aa
Aa

საბურთალოს მწვრთნელი: ,,ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა ჩვენ დავიმსახურეთ"

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამმა ქართულმა კლუბმა ითამაშა და ერთადერთი, რომელმაც მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, თბილისის საბურთალოა. განმეორებით შეხვედრაში საბურთალო დამაჯერებელად გამოიყურებოდა და საბოლოოდ, პარტიზანის ბარიერი თერთმეტმეტრიანების სერიის შემდეგ გაიარა.

ლაშა ნოზაძე (საბურთალოს მთავარი მწვრთნელი)

,,პირველ რიგში, ამ გამარჯვებას საბურთალოს გულშემატკივარს, ფეხბურთელებს და ყველას ვულოცავ. ვფიქრობ, რომ ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. პირველ შეხვედრაში გარკვეული შეცდომები გვქონდა, შეიძლება, რაღაცები იდეალურად ვერც მე გავაკეთე, თუმცა მეორე მატჩში ბევრი რამ გამოვასწორეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

ტირანაში საგოლე მომენტი მრავლად შევქმენით. 90 წუთში მატჩის ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვეტაც შეიძლებოდა, თუმცა ისე მოხდა და გამარჯვებული თერთმეტმეტრიანებმა გამოავლინა.

საბურთალო ახალგაზრდული კლუბია, რომლის რიგებში ბევრი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი თამაშობს. იმედი მაქვს, ახალგაზრდები გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად საბურთალოს წინსვლას და ბევრ სიხარულს მოუტანენ".

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საბურთალოს მეტოქე ბუქარესტის სტიაუა იქნება. საბურთალო პირველ მატჩში 21 ივლისს, სახლში გამართავს, ხოლო 28 ივლისს - სტუმრად.

სტატიაში გამოყენებულია საფეხბურთო კლუბ საბურთალოს მასალა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები