ინდიანამ დეანდრე ეიტონთან კონტრაქტი შეათანხმა - ახალი კონკურენტი გოგას?
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსს“ „ფინიქს სანსის“ ცენტრის, დეანდრე ეიტონის გადაბირება სურს. ამ უკანასკნელს „შეზღუდული თავისუფალი აგენტის“ სტატუსი აქვს და „პეისერსმა“ მას პირველი წინადადებით უკვე მიმართა. ამერიკული პრესის ინფორმაციით, „ინდიანამ“ მას მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზა.
ეიტონი მზადაა, არიზონა დატოვოს და 4-წლიან, 133-მილიონიან წინადადებას დათანხმდა. გამომდინარე იქიდან, რომ დეანდრე „შეზღუდული თავისუფალი აგენტის“ სტატუსითაა, „ფინიქსს“ შეუძლია, მას იგივე შეთავაზება გაუკეთოს და გუნდში დაიტოვოს. ამისთვის „სანსს“ 48 საათი აქვს.
საინტერესოა, რომ ეიტონის გასაფორმებლად „ინდიანას“ სახელფასო ჭერში 4.7 მილიონი დოლარის გამოთავისუფლება სჭირდება. „პეისერსი“ რამდენიმე კალათბურთელის გაშვებაზე მსჯელობს და სავარაუდოდ, გუნდს 4 მოთამაშე დატოვებს, რომელთა შორის ბითაძე არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში „ინდიანას“ ნომინალურ ცენტრებად მაილს ტერნერი, დანიელ ტაისი და დეანდრე ეიტონი ეყოლება, რის გამოც, გოგას სათამაშო დროის მიღება გაუჭირდება.
ჩვენთვის სასიხარულო ისაა, რომ ედრიან ვოინაროვსკის ცნობით, „ფინიქსი“ ეიტონის გაშვებას არ აპირებს. „სანსი“ გეგმავს, ახალგაზრდა ცენტრს იგივე წინადადებით მიმართოს და გუნდში დაიტოვოს.