„ნაპოლიში ახალი KK ბრწყინავს" - რას წერენ იტალიაში ხვიჩაზე
„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავად დაიწყო და ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა. „კვარას“ ბრწყინვალე ასპარეზობა იტალიურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მის შესახებ ბევრი დაიწერა.
Gazzetta dello Sport: „ნაპოლის მაისურით ახალი KK ბრწყინავს, მაგრამ კალიდუ კულიბალი გუნდთან ერთად აღარაა. KK არის ფეხბურთელი, რომლის გვარის წარმოთქმაც ძალიან ძნელია - ხვიჩა კვარაცხელია. 2001 წელს დაბადებულმა მოთამაშემ ნეაპოლურ პუბლიკას თავი დუბლით, ასისტებით, ძელითა და ბევრი საინტერესო მოქმედებით გააცნო. ქართველ ფეხბურთელს ყოველთვის სურს, მეტოქეზე წავიდეს და მოედნის ცენტრალური ნაწილისკენ შეიჭრას. მე-5 წუთზე, მან რაჰმანის გაატანინა, შემდეგ ანგარიში 2:0 გახადა და ნაპოლის მე-4 გოლი მეკარისთვის ლამაზად გადაგდებული ბურთით მიითვალა“.
Football Italia: „ნაპოლის ქომაგებს აქვთ რაღაც, რაც გაღიმების საშუალებას აძლევთ, რადგან ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. პარტენოპეის გულშემატკივრები ცუდ ხასიათზე არიან, რადგან ინსინიესთან ერთად, გუნდიდან დრის მერტენსი და კალიდუ კულიბალიც მიდიან. სამივე ფეხბურთელი მათი რჩეული იყო, თუმცა წინასასეზონო ეტაპზე გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, ნაპოლის ყველა მხარდამჭერი ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობდა.
21 წლის ფეხბურთელმა მომენტი მატჩის დაწყებისთანავე შექმნა. კვარა ორ ფეხბურთელს გაცდა და რაჰმანის გაატანინა, შემდეგ კი მეტოქის კარი თავად აიღო. იგი მცველების აქეთ-იქით დატრიალებას განაგრძობდა, მაგრამ ლოზანომ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. ზამბო ანგისას გოლის შემდეგ, ხვიჩამ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო. ფანტასტიკური პირველი შეხების შემდეგ, მან მეკარეს ბურთი ლამაზად გადაუგდო. კვარამ პირველ ტაიმში კინაღამ ჰეთ-თრიქი გაიფორმა, მაგრამ მისი დარტყმა ძელს მოხვდა“.
Calciomercato: „ნაპოლიმ პირველი ამხანაგური მატჩი 10:0 მოიგო. შეხვედრაში ანგარიში რაჰმანიმ გახსნა. ამ უკანასკნელს კვარაცხელიამ გაატანინა, რომელმაც ლამაზად იმოქმედა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა ნაპოლის მეორე გოლი მიითვალა, ზამბო ანგისას პასის შემდეგ კი ანგარიში 4:0 გახადა. კვარამ მოხდენილად ითამაშა და წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო“.
Areanapoli: „ნაპოლიმ ამხანაგური მატჩი გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ უდიდესი ინტერესი იყო. მისმა სადებიუტო შეხვედრამ იმედი არავის გაუცრუა და ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმი დუბლითა და საგოლე გადაცემით დაასრულა. იგი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და რუბინის ყოფილ ფეხბურთელს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა“.