ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარამანია ნეაპოლში" - Gazzetta-მ ხვიჩას ვრცელი სტატია მიუძღვნა

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს და მისი სათაური ასეთი გახლავთ - „კვარა მანია ნეაპოლში: ვინ არის გარემარბი, ვისაც დრიბლინგი უყვარს და სპალეტის აბრაზებს“. სტატიის ავტორი საკუთარ მკითხველს ქართველ ფეხბურთელს აცნობს და მის შესახებ დადებითად საუბრობს.

„ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელი გულშემატკივრების საოცნებო ადამიანია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამ ბევრი ეჭვი გააჩინა და ნეაპოლში ჰგონიათ, რომ ახლახან ნაყიდი კვარაცხელია ძირითადი შემადგენლობის წევრი არ იქნება... მაგრამ მოდით, ხუმრობას თავი დავანებოთ და ვთქვათ, რომ დიმაროში მყოფი ყველა გულშემატკივრის თვალები და მობილური ტელეფონები მისკენაა მიპყრობილი. ქართველ ფეხბურთელს რთული მოძრაობები ახასიათებს და იცის, ბურთს როგორ მოეპყრას.

კვარაცხელიამ თავად განაცხადა, რომ სურს, ქომაგებმა კვარა დაუძახონ და საკუთარ გვარზე, რომელიც სოციალური უსაფრთხოების ნომერს წააგავს, იხუმრა კიდეც. დიმაროში იგი აქტიურია და როცა შანსს იღებს, კარგ სტატისტიკას აფიქსირებს. მისმა მაკრატელამ და დრიბლინგმა კარჩიატოს სტადიონზე მყოფი ნეაპოლელი გულშემატკივრების გულები გაათბო.

რა თქმა უნდა, შუა ზაფხულის დღეები ოცნების საშუალება იძლევა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატის მატჩები ბევრად რთული იქნება და ლუჩიანო სპალეტი სწორედ ამიტომ ცდილობს, მას ბევრი რამ ასწავლოს. იტალიელი სპეციალისტი ტაქტიკურ საკითხებს დეტალურად უხსნის, რათა კვარაცხელია მიხვდეს, არასწორი მოძრაობა სად გააკეთა, ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ჩემპიონატი შეცდომებს არავის პატიობს. ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდებიც კი სუპერ ორგანიზებული არიან და იციან, სუსტ წერტილში როგორ დაგარტყან.

კვარა კლასიკური შემტევი გარემარბია, რომელიც 4-3-3 და 4-2-3-1 ტაქტიკაში თამაშობს. მას შესანიშნავი დრიბლინგი აქვს, კარგი დარტყმით გამოირჩევა და იცის, თანაგუნდელებს საგოლე გადაცემები როგორ გადააწოდოს. სისწრაფისა და მოკლე მონაკვეთში უეცარი აჩქარების უნარის წყალობით, რასაც კარგი ფიზიკური კონდიციები ემატება, კვარაცხელიას შეუძლია, ყველაზე ძლიერ მცველებსაც გაუმკლავდეს. ქართველმა ფეხბურთელმა ინგლისური მშვენივრად იცის და კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. კვარას ურჩევნია, მარცხენა ფლანგზე ითამაშოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბურთს ორივე ფეხით ბრწყინვალედ აკონტროლებს, სპალეტი მას მარჯვენა ფლანგზეც გამოცდის და მის დადებით და უარყოფით მხარეებს შეაფასებს. პირველ ამხანაგურ მატჩში, რომელსაც ნაპოლი დღეს გამართავს, კვარაცხელია უდიდესი ყურადღების ცენტრში იქნება და გვჭირდება, გავიგოთ, თავის ნიჭს გუნდს როგორ მოარგებს. ამის შემდეგ, მნიშვნელოვანია ტესტების ჩატარება, რათა მივხვდეთ, მისი დრიბლინგი და მეტოქის მოტყუების უნარი, ნაპოლის დონეს რამდენად შეესაბამება, რადგან საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონატებსა და სერია A-ს შორის დიდი განსხვავებაა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ამხანაგურ შეხვედრაში „ანაუნე ვალ დი ნონს“ დაუპირისპირდება, რომელიც სამოყვარულო გუნდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გეგუჩაძე მატჩის შემდეგ: ყველა განიცდის წაგებას, მაგრამ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ
გეგუჩაძე მატჩის შემდეგ: ყველა განიცდის წაგებას, მაგრამ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ